logo
ENG



ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებლის ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

04 ნოე 202313:47
3 წუთის საკითხავი
clock 740
ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებლის ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტიდან მათი პარტიის ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ის ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტია მსგავსი ტიპის ქმედებებით მათ ბრძოლას ვერ გააჩერებს.

"საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორებები გრძელდება - მარცხისთვის განწირული ქართული ოცნება მართლაც იმდენად სუსტია, ჰგონია, რომ ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებებით რამეს მიაღწევს. გუშინ გამომიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი ლაშა დიაროვი პარლამენტიდან გაათავისუფლეს და ასევე, ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურზანია გაათავისუფლეს პარლამენტიდან.

სტრატეგია აღმაშენებლის ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლა საქართველოს პარლამენტმა, ამ ტიპის პრეცედენტი საერთოდ მსოფლიოში არ არის და ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, დიახ, გიორგი ხაბურზანიამ, სხვათა შორის, ერთი სასამართლო პროცესი მოიგო უკვე, მერიიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და სწორედ პოლიტიკური დისკრიმინაცია დაადგინა სასამართლომ. რაც შეეხება, ლაშა დიაროვს, მამამისი ერთი წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ახლა ედავებიან საგარეჯოში, რომ 70-იან წლებში აშენებული ღობე ყოფილა უკანონოდ აშენებული. ამ დონეზე დაეცა ქართული ოცნება და ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება.

მე ერთი რამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა - ერთ წელიწადში საქართველოში რუსული რეჟიმი შეიცვლება, ჩვენ ისტორიას და წარსულს ჩავაბარებთ ამ ტიპის პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს. მინდა ვუთხრა ქართულ ოცნებას, ჩვენს ბრძოლას თქვენ ამით ვერ გააჩერებთ", - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტიდან გათავისუფლების შესახებ დაწერა ლაშა დიაროვმაც - მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გათავისუფლების ბრძანება, სადაც მიზეზად "დისციპლინური გადაცდომაა" მითითებული. დიაროვის თქმით, სამსახურიდან "რუსი აგენტი ფარცხალაძის დაცვისას, მათ მიერვე პარლამენტში ატეხილი შეხლა-შემოხლის გამო" გაუშვეს.


close დახურვა