საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა შეწყვიტოს. ის აცხადებს, რომ დაბომბვას "არანაირი გამართლება" არ აქვს და ცეცხლის შეწყვეტა ისრაელს სარგებელს მოუტანს.
BBC-სთან ინტერვიუში ის აღიარებს ისრაელის უფლებას საკუთარი თავი დაიცვას, თუმცა მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კითხვაზე, სურს თუ არა, რომ სხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის, ჩაერთონ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებში, მაკრონი პასუხობს, რომ ამას იმედოვნებს. მაკრონმა აქვე ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ტერორისტული ჰამასის ქმედებებს.
"ეს ბავშვები, ქალები, მოხუცები იბომბებიან და იხოცებიან. ამის არანაირი საფუძველი და ლეგიტიმაცია არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ისრაელს მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს", - განაცხადა მან.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.