ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, პარტიის მიერ გუშინ, 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ მანიფესტს ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, ჩანაწერს, რომელშიც ენმ-ის ამჟამინდელი პოლიტიკური საბჭოს ლეგიტიმურობაზეა საუბარი, არ ეთანხმება.
"რატომღაც გაჩნდა მანიფესტის დანართი, სადაც წვრილი შრიფტით ჩაგვიწერეს მთავარი რამ, რომ პოლიტიკური საბჭოდან, თუ სხვა ორგანოებიდან იდეალისტი ადამიანების გაყრა თურმე ყოფილა ნორმა და ლეგიტიმაციის პრობლემა, შესაბამისად, ამ პოლიტიკურ საბჭოს არ ჰქონია, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ასე.
პოლიტიკური საბჭოდან იდეალისტთა უმრავლესობა იქნა გამოძევებული და ამ ყველაფრის ახლა ლეგიტიმურად გასაღება და ამ ხელმოწერის დასმა სწორად არ მიმაჩნია, განსაკუთრებით, მათ შორის იმის ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილმაც კი ძალიან ნათლად თქვა, რომ იყო შეცდომა და ნაჩქარევი პოლიტიკური საბჭოდან ამ ადამიანების გამოძევება. შესაბამისად, ამ დოკუმენტს ხელს ვერ მოვაწერ", - აცხადებს კირთაძე.
***
ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ, 22 ნოემბერს 11-პუნქტიან მანიფესტი: "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე" გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.
ნაციონალური მოძრაობის 11-პუნქტიანი მანიფესტი სრულად
პარტიული მანიფესტის ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერდა, ავტომატურად დააყენებდა თავს "პარტიის გარეთ". მან გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს".
სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მან ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე შემუშავებულიყო მანიფესტი, რომელშიც შესული იქნება ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს.
მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი შეკრება გაიმართება, რომელზეც ბევრი საკითხი განიხილება.
ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა 23 ნოემბერი პარტიაში ერთიანობის გამოვლინების დღე და "ვინც წასვლას აპირებენ - წავლენ, თუ დარჩებიან", რაზეც ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა: "თუ არადა, გავუშვებთ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი".
მოგვიანებით, ენმ-ის წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პარტიის მიერ წარდგენილ 11-პუნქტიან მანიფესტთან შეერთება აუცილებელია. ასევე, აღნიშნა, რომ პარტიიდან არავის გარიცხვა არ იგეგმება და მთავარი იდეა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს.
ამ დრომდე უცნობია, მოაწერს თუ არა მანიფესტს ხელს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.