logo
ENG



ხელოვნების მუზეუმს დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა

29 ნოე 202312:36
3 წუთის საკითხავი
clock 511

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი გადასცეს, რომელიც დაკარგული იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, 1994 წლის 27 ივლისს მოცემული ნატურმორტი ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის „მაჭანკალთან“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერთან“ ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს. მოგვიანებით სამიდან ორი ნამუშევარი - ლუკას კრანახის „მაჭანკალი“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერი“ - მუზეუმს დაუბრუნდა, ხოლო ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

"სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლადშექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა