logo
ENG



"ჟილეტი გამოვართვი, ე.წ. ბანანიდან ჩამოვყარე" - ბათუმში მომხდარზე ფორმულამ დეტალები გაარკვია

04 დეკ 202320:31
3 წუთის საკითხავი
clock 5833
2023/12/04/9q5so1x9zot8f35.png

ფორმულამ ბათუმში 16 წლის ლუკა აბულაძის გარდაცვალების საქმის მასალები მოიპოვა.

კერძოდ, საუბარია 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ზღვაში წყლის ატრაქციონით (ე.წ გასაბერ ბანანი) 16 წლის ბიჭი და კიდევ სამი ადამიანი იყო გასული. გამოძიების თანახმად, პირმა, რომელიც წყლის ატრაქციონს მართავდა, ე.წ გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხი ადამიანი განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა.

წყალში გადავარდნის შემდეგ სამმა ადამიანმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ლუკა აბულაძის ცხედარი კი რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს.

ფორმულას მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს კატარღა, რომელსაც წყლის ატრაქციონი ე.წ. ბანანი აქვს მიბმული ბავშვებს ჯერ ასეირნებს, შემდეგ კი წყალში ყრის. 

ფორმულამ ასევე მოიპოვა მოწმის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 16 წლის  ლუკა საკუთარი თვალით ვერავინ ნახა, სამაშველო სამსახური მხოლოდ ვარაუდებს დაეყრდნო და ოფიციალური შეტყობინება 112-ში არ დააფიქსირა.

"ვხედავდი გ.ბ-ს და ს.ჯ-ს, თუმცა ლუკა აბულაძე არ დამინახავს. ცურვისას მომეჩვენა, რომ წყალში ტივტივებდა ადამიანის სხეული, თუმცა მასთან ახლოს ვერ მივედი შემეშინდა. სხეული დავინახე ზურგის მხრიდან, სახე ვერ გავარჩიე. მე ე.წ კორტებთან გამოვედი, დანარჩენების ასვლა ნაპირზე არ მინახავს. ვყვიროდი, დამეხმარეთ მეთქი , ჩემს თხოვნაზე უცნობი პირები და მაშველებიც მოვიდნენ. მაშველს ვუამბე მომხდარი. შეკრებილი ადამიანები კი საუბრობდნენ, რომ ბიჭები ამოვიდნენ წყლიდანო. მაშველებს ვუამბე, რომ ვიღაც ტივტივებდა და შევიდნენ ზღვაშიც. მაგრამ მათ ვერაფერი ნახეს. ამიტომ ჩავთვალე, რომ ყველა ნაპირზე გამოვიდა"- ამბობს მოწმე ჩვენებაში.

დაზარალებულების  ჩვენება თითქმის იდენტურია. ბავშვები ამტკიცებენ, რომ სკუტერის მძღოლმა მათ დამცავი ჟილეტები არ მისცა, შედეგ წყალში შეგნებულად ჩაყარა და ადგილზე დატოვა. 

"წყალში, მოვეჭიდე ბანანის სახელურს, ჩემთან იყო ლუკა აბულაძეც, რომელსაც ჩემ წელზე ხელი ჰქონდა შემოხვეული. მე სრულად წყალში ვიყავი, ლუკამ კი შეძლო წყლიდან ამოყვინთვა, კატერი მოძრაობდა და მიმათრევდა. წამების შემდეგ ვიგრძენი რომ ლუკამ ხელი გამიშვა და გაქრა, თუმცა ვერ დავინახე საით წავიდა. მძღოლის თანმხლები პირები აპირებდნენ ჩვენ დახმარებას, მაგრამ სკუტერის მძღოლმა უთხრა თუ დაეხმარებით აქ დაგტოვებთო. ... მესამე ბიჭი არსად დამინახავს. ჩემ მეგობარს ჰქონდა საცურაო ჟილეტი, რომელიც მძღოლმა გამოართვა. მძღოლის თანმხლებმა პირმა თქვა, რომ ცურვა არ იცისო, მძღოლმა უპასუხა "თუ დაიხრჩობა თქვენი ბრალი იქნება, ყველას რომ აკატავებთო“ - ნათქვამია დაზარალებული არასრულწლოვნის ჩვენებაში.

თავად ბრალდებული დანაშაულს გამოკითხვის ოქმის მიხედვით აღირებს, მაგრამ ამბობს, რომ ბავშვები მის გასაბერ ატრაქციონზე თვითნებურად ავიდნენ და ამ ფორმით მათი მოშორება სცადა.

"ვაღიარებ ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულს და ვინანიებ. როდესაც ბავშვები სპეციალური მანევრით ჩავყარე ზღვაში და უსაფრთხოების ჟილეტები გამოვართვი, მის შემდეგ ყურადღება აღარ მიმიქცევია და წავედით. ამოყირავების დროს ვხვდებოდი, რომ არცერთ ბავშვს არ ეცვა უსაფრთხოების ჟილეტი, ამის პასუხისმგებელი ჩვენ ვიყავით, მაგრამ მიუხედავად ამისა მე მაინც გავაკეთე მანევრი. გასაბერი ატრაქციონი ე.წ. ბანანი ამოვაყირავე და  ბავშვებიც ჩამოვყარე. ამ ყველაფრის მიზეზი იყო ის, რომ ჩემი მოწოდების მიუხედავად ბავშვები არ ჩამოდიოდნენ და მსურდა თავიდან მომეცილებინა"- ამბობს ბრალდებული ჩვენებაში.

2023 წლის 7 ივლისს მომხდარზე 3 ადამიანი დააკავეს. ერთს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა. დანარჩენი ორი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.


close დახურვა