logo
ENG



102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გზა

26 მაი 202020:59
3 წუთის საკითხავი
 

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისს საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა", - ამ განაცხადით დაიწყო ჯერ კიდევ 102 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა. აქტით, რომელსაც ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე, 5 დღიანი კონსტიტუცია დაემატა, ასეთივე ლიბერალური და თანასწორობაზე დამყარებული.

პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია არ აღიარებდა პრივილეგირებულ რელიგიებს და სახელმწიფო ხაზინიდან კრძალავდა ფულის გაცემას ეკლესიის საჭიროებისთვის. იცავდა უმცირესობის უფლებებს, გენდერულ ბალანსსაც, - პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში 5 ქალი მოხვდა. რუსეთის იმპერიიდან და ასწლიანი მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ამ გადასახედიდანაც კი, მისაბაძი დემოკრატიის აშენება საქართველომ 1921 წლის 25 თებერვლამდე მოასწრო, ამის შემდეგ იყო 70 წლიანი გასაბჭოება და ამ დრომდე რუსეთისაგან სრულად გათავისუფლებისთვის ბრძოლა.

საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი 26 მაისს მიიღო, რაც იმას ნიშნავდა რომ იმდროინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ რუსეთის იმპერიის მონობაზე უარი თქვა და და  ასე ევროპა, საქართველოში რუსეთის გვერდის ავლით შემოვიდა. პირველი რესპუბლიკის ისტორიის მკვლევარი მაშინდელ პოლიტიკურ ელიტას დღევანდელ თანამედროვე პოლიტიკოსებს ადარებს და ამბობს რომ იმ დროს ცალსახად გაცილებით მაღალი პოლიტიკური კულტურა და ნება იყო.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის  განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ შემორჩენილი დოკუმენტები და იმდროინდელი წყაროები სპეციალისტებს აჩვენებს რომ პოლიტიკური კონკურენციის მიუხედავად ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა ნორმებმა ფართო ლეგიტიმაცია მოიპოვა.მწვავე პოლიტიკური კონკურენციის და განსხვავებების მიუხედავად, იმდროინდელი მთავრობა და ოპოზიცია ფუნდამენტურ  და პრინციპულ საკითხებზე  დღევანდელთან შედარებით გაცილებით უკეთ თანხმდებოდა და სახელმწიფო ინსტიტუციების ნაწილი იმ დროს დღევანდელზე უკეთ მუშაობდა.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალული იყო. 70 წლიანმა საბჭოთა რეჟიმმა იმდროინდელი პოლიტიკური და კულტურული ელიტა სრულად გაანადგურა და კოლექტიურ მეხსიერებაში დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ანტისახელმწიფოებრივი საბჭოთა მითები შექმნა. გიორგი კანდელაკი ფიქრობს რომ იოსებ სტალინმა მომავალ თაობებს მთელი მეოცე საუკუნე მოჰპარა და ასე ამ დღესასწაულის მნიშვნელობაც დააკნინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს  პირველი მთავრობა კოალიციური იყო და მასში დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ყველა პოლიტიკური პარტია შედიოდა. საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ფიქრობს რომ იმ დროინდელი ქვეყნის წყობა და ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც საქართველოს ჰყავდა დღესაც თითოეული პოლიტიკოსისა და მოქალაქისთვის სამაგალითო უნდ იყოს.

1918 წელს მოპოვებული დამოკიდებლობის აღდგენა საქართველომ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

პირველი რესპუბლიკის დაარსების დღესასწაულს ყოველ 26 მაისის ქვეყანა ხან აღლუმით ხან კი, აღლუმის გარეშე აღნიშნავს. პანდემიის გამო კი დღეს კიდევ უფრო უჩვეულო 26 მაისი იყო - შემოღობილ, ცარიელ რუსთაველის გამზირზე ამ დღის აღსანიშნად არავინ მისულა.


close დახურვა