logo
ENG



კობახიძე სააკაშვილზე: მგონია, ჭარბი კომფორტი აქვს - გადაყვანას შესაბამისი უწყება წყვეტს

22 დეკ 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე სააკაშვილზე: მგონია, ჭარბი კომფორტი აქვს - გადაყვანას შესაბამისი უწყება წყვეტს

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილი "დროდადრო ცდილობს, გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს".

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ ამ საკითხს შესაბამისი უწება წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში "ჭარბ კომფორტში" იმყოფება.

"სააკაშვილი დროდადრო ცდილობს გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს, არასერიოზულია ეს ყველაფერი. [...]

მე ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მე მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი. მე ასე მგონია, რომ მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს არავითარი შესაბამისი დაავადება. აქედან გამომდინარე, ეს ჩემი შეფასებაა, შესაბამისი უწყებები იღებენ ამაზე გადაწყვეტილებებს და არ მაქვს კომპეტენცია იმაზე, რომ ამაზე პასუხი გაგცეთ"- თქვა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მოუწოდებს, ქართულ ოცნებას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანონ.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, "მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიც ქართული ოცნებაა".

ამასთან, პარტია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, "უზრუნველყოს კანონმდებლობის აღსრულება და არ მისცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება".


close დახურვა