logo
ENG



გრეგოროვა ივანიშვილზე: საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება სტატუსის შემდეგ მიიღო

09 იან 202420:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/09/eranvhdc6gb5kuo.png

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა პოლიტიკაში ივანიშვილის საჯაროდ კვლავ გამოჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ოქტომბრის არჩევნებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მან ფორმულასთან კომენტარში ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება დაკავშირებულია ოქტომბრის არჩევნებთან - ეს აშკარად არის სტრატეგიული, პიარ ნაბიჯი, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ ქართული ოცნების მთავარი სახეა და ალბათ, არსებობს შიში, რომ არჩევნები ისე არ წავა, როგორც ეს მმართველ გუნდს სურს, ალბათ, სწორედ ამიტომ, ივანიშვილი გამოდის წინ. მან იცის და როგორც მე ვიცი, კვლევებშიც ჩანს, რომ ის ისევ სარგებლობს გარკვეული პოპულარობით.

ძალიან საინტერესოა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ. კითხვა მაქვს - საქართველოს რომ სტატუსი ვერ მიეღო, გააკეთებდა თუ არა ივანიშვილი? მიხარია, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ, კითხვაა - სურს თუ არა ივანიშვილს ამ გზის შენარჩუნება თუ ის წინ გამოვიდა, რათა შეცვალოს ეს მიმართულება? მას უწოდებენ არაფორმალურ მმართველს, მე ვეთანხმები ამ შეფასებას", - თქვა მან.

გრეგოროვამ ისაუბრა იმაზეც, რომ პარტიაში თანამდებობა ვერანაირ ცვლილებას ვერ მოახდენს იმაზე, დასანქცირება თუ არა ივანიშვილი ევროკავშირის ან რომელიმე წევრი სახელმწიფოს მხრიდან. მან აღნიშნა, რომ როცა ევროკავშირი ინდივიდუალური პირის სანქცირების გადაწყვეტილებას, ეს ხდება იმის მიუხედავად, რა თანამდებობას იკავებს ის.

"არ ვფიქრობ, რომ თუ ევროკავშირი სანქცირების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ პროცესზე გავლენას მოახდენს მისი თანამდებობა ქართულ ოცნებაში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".

ივანიშვილმა მისი "დაბრუნების" რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა - მათ შორის დაასახელა ოპოზიციის "არარსებობა" და "ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა".


close დახურვა