წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. დღეს დილით ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფებოდა, რომელმაც სამუშაოები დაათვალიერა და თქვა, რომ "ვინმემ არ უნდა იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად არის დამთავრებული".
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ადგილზე სამუშაოები გაგრძელდება და უნდა მოეწყოს ტროტუარები, გაკეთდეს გამწვანება. მისი თქმით, წერეთელზე სამუშაოები სრულად მარტში დასრულდება.
"საზოგადოებას დავპირდით, რომ იანვრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა. დღეს პირველი თებერვალია, საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშაოები, გადაადგილება ორმხრივად არის შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება დედაქალაქისთვის. პარალელურად, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დამთავრებულია, აქ საგზაო ნაწილზე იყო საუბარი და ეს სამუშაოები მორჩენილია, პარალელურად, მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. ახალი განათების ბოძები გზის ერთ მხარეს დამონტაჟებულია, მეორე მხარეს მიმდინარეობს სამუშაოები. პარალელურად, დამონტაჟდება ახალი შუქნიშნები, დაიხაზება და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში და მართლაც ძალიან ლამაზი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად უკვე სამუშაოები იქნება დასრულებული", - თქვა კალაძემ.
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.
17 იანვარს მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის 4 კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ნახევარი ლარია.
მერიამ კონტრაქტები გააფორმა კომპანიებთან: ბლექ სი გრუპი, პარმა, ენკო, ჯეუ გრუპი.