logo
ENG



ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის ცოლსა და შვილს შეხვდა

22 თებ 202423:57
3 წუთის საკითხავი
clock 576
2024/02/22/gh91szs4tc3rulj.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლსა და შვილს, იულია და დაშა ნავალნებს შეხვდა.

"ალექსეის გამბედაობის მემკვიდრეობა იცოცხლებს იულიასა და დაშაში, ასევე უამრავ ადამიანში რუსეთში, რომლებიც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვიან", - წერს ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში.

რუსეთში ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაკავების შემდეგ მისი ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

რუსი ოპოციონერის დაღუპვის შემდეგ კი მისმა ცოლმა, იულია ნავალნიმ განაცხადა, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს. 

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ნავალნი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მათივე მტკიცებით, ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის დამატებით 19 წელი მიუსაჯეს. 

თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა. ეტაპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ის უკვე ახალ კოლონიაშია. 

N3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ნავალნი იყო მოთავსებული, სასჯელს იხდიდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი. აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.

 


close დახურვა