logo
ENG



სილქნეტი: აბონენტთა ზარების, SMS-ებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაცია არ გავრცელებულა

20 მარ 202411:08
3 წუთის საკითხავი
clock 425

სილქნეტი კომპანიიდან პერსონალური მონაცემების სავარაუდო გაჟონვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება".

"კომპანია სილქნეტში მომხმარებელთა მცირე ჯგუფის (სავარაუდოდ 2000-მდე) პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კომპანიის ფუნდამენტური საკითხებია.

სავარაუდო კომპიუტერული ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან, როგორც კიბერუსაფრთხოების რეგულატორთან, "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, და მასთან ერთად ახორციელებს მოცემული ინციდენტის აღკვეთის, კვლევისა და სამომავლო პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებებს.

უახლოეს პერიოდში, ინციდენტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხებიც. თემის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, კომპანია „სილქნეტი“ პირველი შესაძლებლობისთანავე ეტაპობრივად გაასაჯაროებს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას იმ მოცულობით, რომ საფრთხე არ შეექმნას მიმდინარე კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტიანობასა და შემდგომი გამოძიების ინტერესებს"- ნათქვამია განცხადებაში. 

სატელეკომუნიკაციო კომპანია Silknet-დან მონაცემების გაჟონვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. 

მათი ცნობით, პირადობის მოწმობების ასლებზე, რომლებიც ინტერნეტში არალეგალური გზით გავრცელდა.

რადიო თავისუფლება წერს, რომ Silknet-დან გაჟონილი მონაცემები პლატფორმაზე, სადაც თავდაპირველად აიტვირთა, უკვე წაშლილია, თუმცა უცნობია, არსებობს თუ არა მონაცემთა ასლები.  

ფორმულას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში უთხრეს, რომ საკითხის შესწავლა დაიწყეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ საკითხს ორი მიმართულებით სწავლობენ: მონაცემთა უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. 

მონაცემთა გაჟონვა არის შემთხვევა, როცა კომპანიის შიგნით დაცული ინფორმაცია მესამე პირს კომპანიის გვერდის ავლით, ავტორიზაციის გარეშე გააქვს. ეს მონაცემები შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ, საკრედიტო-საფინანსო ან სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც.


close დახურვა