შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სილქნეტიდან პერსონალური მონაცემების გაჟონვის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს.
კერძოდ, უწყების ცნობით, ბრალდებული სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა სილქნეტის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას.
დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს სილქნეტის კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა.
ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.
სილქნეტიდან მონაცემების სავარაუდო გაჟონვის შესახებ ინფორმაცია პირველად 19 მარტს გავრცელდა.
20 მარტს კომპანიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება. მომხდარზე კი რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობდა.
მონაცემთა გაჟონვა არის შემთხვევა, როცა კომპანიის შიგნით დაცული ინფორმაცია მესამე პირს კომპანიის გვერდის ავლით, ავტორიზაციის გარეშე გააქვს. ეს მონაცემები შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ, საკრედიტო-საფინანსო ან სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც.