logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: როგორ უნდა ფინანსდებოდეს ეკლესია?

20 მარ 202421:07
3 წუთის საკითხავი
 

ამ კვირაში კვლავ ერთი ამბავი ატყდა საპატრიარქოს დაფინანსების თემაზე. თითქოს უკვე არსებულ 25 მილიონს კიდევ 35 დაემატა და ჯამში, 60 მილიონი გახდა. სინამდვილეში, ახალი არც არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან საპატრიარქოს სტრუქტურებისთვის გამიზნულ 25-მილიონიან თანხას და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების დონეზე 30 მილიონი ლარის ჩაშლილ დაფინანსებას 5 მილიონი დაემატა.

ბუნებრივია, ამ საკითხის მიმართ პირველადი რეაქცია საარჩევნო წლის ტრადიციულ მოლოდინებთან ასოცირდება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებას საპატრიარქოსა და სასულიერო პირების კეთილგანწყობა სჭირდება და ქართულმა ოცნებამაც ჯიბეზე, ოღონდ ჩვენს საერთო ჯიბეზე გაიკრა ხელი.

საზოგადოების ნაწილი საპატრიარქოსთვის გაზრდილი თანხების ბიუჯეტიდან გაცემას არამართლზომიერად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი არსებულ დაფინანსებას არასაკმარისად თვლის და ამ დანიშნულებით ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფას ემხრობა.

სინამდვილეში, პრობლემის სათავე არა თანხის ოდენობაა, რომელიც საპატრიარქოს სტრუქტურების წლების განმავლობაში დაგროვილი ვალდებულებებისა და ბოლო წლებში პროდუქტებსა და მომსახურებაზე ლამის გაორმაგებული ფასების ფონზე, შესაძლოა, მართლაც არასაკმარისად გამოიყურებოდეს, არამედ თავად ფინანსირების სისტემა და მეთოდი, რომელიც შეუძლებელია პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს არ შეიცავდეს და ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის წინასაარჩევნო გარიგებასა თუ პოლიტიკური კეთილგანწყობის მოპოვებას არ ემსახურებოდეს.

ვისაც ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება გვსურს, ყოვლად უსარგებლო კამათის ნაცვლად, სჭირდება თუ არა საპატრიარქოს და ეკლესიას დაფინანსება, იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა ფორმითა და სქემით უნდა მოხდეს ეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს კონფლიქტი სახელმწიფოს, მოქალაქეებისა და ეკლესიის ინტერესებს შორის და მინიმუმამდე დავიდეს კორუფციის შესაძლებლობა. ასევე, მაქსიმალურდ შემცირდეს რელიგიური ინსტიტუტების ხელისუფლებაზე დამოკიდებულება და მათი პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევა და პირიქითაც, საპატრიარქოს არ გაუჩნდეს სახელმწიფოს მმართველობით სისტემის შანტაჟის შესაძლებლობა.

ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილება გვაძლევს. მაგალითად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია, ყველაზე დიდ კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს და ასევე კიდევ რამდენიმე შედარებით მსხვილ დენომინაციას, დაფინანსების დამოუკიდებელი წყარო გააჩნიათ, რომელიც ფორმალურად რეგისტრირებული მრევლის გადახდილ საეკლესიო გადასახადს უკავშირდება. ეკლესიის დაფინანსებაში სახელმწიფოს მონაწილეობის როლი კი მხოლოდ შესაბამისი გადასახადის ადმინისტრირებით შემოიფარგლება. ანუ, ამა თუ იმ დენომინაციის რეგისტრირებული მრევლი იხდის კონკრეტული რაოდენობის საეკლესიო გადასახადს, რომელსაც სხვა გადასახადებთან ერთად კრებს საგადასახადო ორგანო, თუმცა ეს ფული არა ცენტრალურ, არამედ კონკრეტული ეკლესიის ბიუჯეტში ხვდება. რაც შეეხება მის განკარგვას, შესაბამისი ეკლესიის მმართველობითი ორგანოს მიერ დადგენილი პროპორციის მიხედვით, მისი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი, კონკრეტული ეკლესიების ბიუჯეტში მიემართება, მცირე ნაწილი კი ცენტრალურ მმართველობით რგოლში რჩება. საეპისკოპოსოებისა და სამრევლოების დონეზე არსებობს საერო და სასულიერო პირების მიერ არჩევითი წესით დაკომპლექტებული და მუდმივად განახლებადი ხაზინადართა საბჭოები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე იღებენ გადაწყვეტილებებს თანხების ხარჯვის პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე. ადგილობრივ დონეებზე იქმნება შესაბამისი სარევიზიო კომისიებიც, რომლებიც წელიწადში ერთხელ ახდენენ ბიუჯეტის სრულ აუდიტს.

საქართველოში გერმანიის გამოცდილების გაზიარების შემთხვევაში, მივიღებთ სურათს, როდესაც სახელმწიფოს არანაირი შეხება აღარ აქვს ეკლესიის დაფინანსებასთან (ცხადია, რესტიტუციის ვალდებულების გარდა და ეს საკითხიც ცალკე მოგვარებასა და მკაფიოობას საჭიროებს) და მხოლოდ გადასახადების ადმინისტრირების დონეზე, ტექნიკურ როლს ასრულებს რეგისტრირებული მრევლის ნებაყოფლობით გაღებული თანხების მობილიზებასა და ადგილობრივი ეკლესიების სახაზინო ანგარიშებზე ჩარიცხვაში. შემდეგ, ზუსტად იგივე სისტემით, ეკლესიის მრევლი სასულიერო პირებთან ერთად ირჩევს ხაზინადართა საბჭოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის ფორმირებისა და მისი პრიორიტეტების შესახებ. იგივენაირადვე იქნება არჩეული სარევიზიო კომისიებიც. აუდიტის შედეგად კი მორწმუნე მრევლი მიიღებს სრულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ დაიხარჯა და რა მიზნებს მოხმარდა მათი გადახდილი გადასახადები.

ეს ერთი შეხედვით რთული სქემა, სინამდვილეში საკმაოდ მარტივად გასააზრებელი და ადმინისტრირებადია. ხოლო მისი დანერგვისა და გამოყენების შემთხვევაში ორი მთავარი პრობლემის მოგვარებას შევძლებთ: პირველი, პოლიტიკური კორუფციის ელემენტებისგან მაქსიმალურად დავცლით სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობებს; აღარც ეკლესია იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს შემწეობაზე და ვეღარც ხელისუფლება მოექცევა საპატრიარქოს ზეწოლის ქვეშ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდების დროს. და მეორე, მინიმუმამდე დავიყვანთ ეკლესიის კუთვნილი თანხების განკარგვაში კორუფციულ ელემენტებს, პროცესს კი  უფრო გამჭვირვალეს გავხდით და ხელს შევუწყობთ ეკლესიაში შიდა დემოკრატიის განვითარებას. სამრევლოების და ადგილობრივი სასულიერო პირების, როგორც უფლებამოსილება ასევე პასუხისმგებლობაც საგრძნობლად გაიზრდება, რაც ისტორიული ტრადიციის აღორძინებასაც შეუწყობს ხელს და რაც ეკლესიების წინამძღვრების, სასულიერო პირების და მრევლის მართვასა და განკარგვაში ჩართულობის და ურთიერთანგარიშვალდებულებაში გამოიხატებოდა. სხვათა შორის, ის, რომ საქართველოში თვითმმართველობა ვერადავერ დადგა ფეხზე, იმის ბრალიცაა, რომ საუკუნეების წინანდელი სამრევლო მმართველობის კულტურა საქართველოში დავიწყებას იყო მიცემული.

და ბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს თავს და პრეტენზიასაც გამოთქვამს ეკლესიის დაფინანსების დღევანდელი მოცულობის სიმცირის გამო, მაშინ ეს მხოლოდ სიტყვებად აღარ დარჩება. რადგან, თუკი იდენტიფიცირებული, რეგისტრირებული მორწმუნე მრევლის უმრავლესობა შესაძლებლობების და შემოსავლების ფარგლებში, პროპორციულად და თანაბრად გამოავლენს საკუთარ ვალდებულებას ეკლესიის მიმართ, ეს ნიშნავს რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების დაფინანსება საგრძნობლად გაიზრდება. კმაყოფილი დარჩება ყველა: სახელმწიფოს ჩამოშორდება ფინანსური ტვირთი, მრევლი კი დაინახავს მათ მიერვე საეკლესიო გადასახადის სახით გადახდილი თანხის ხარჯვის შედეგს და იგრძნობს შესაბამის პასუხისმგებლობას.

კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები, მხოლოდ პროტესტის, ან თუნდაც დუმილის ნაცვლად, სერიოზულად დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა მეთოდითა და სისტემით უნდა მოხდეს ეკლესიის დაფინანსება, იმგვარად, რომ ეს იყოს ეფექტური, სამართლიანი საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან მიმართებაში, მინიმუმამდე დაიყვანოს კორუფციის შესაძლებლობა და რაც მთავარია, საბოლოოდ გამორიცხოს  ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის  ურთიერთდამოკიდებულებისა და პოლიტიკური ზეწოლის ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც უკვე ათწლეულებია გრძელდება.


close დახურვა