logo
ENG



თებერვალში პასპორტის ჩამორთმევის შემდეგ ბოლსონარუმ უნგრეთის საელჩოში 2 დღე გაატარა

26 მარ 202411:32
3 წუთის საკითხავი
clock 296
2024/03/26/wcuqd6w0sqj52uq.jpg

ბრაზილიის ულტრა-მემარჯვენე ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ თებერვალში ორ დღე უნგრეთის საელჩოში გაატარა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე ფედერალურმა პოლიციამ მას პასპორტი ჩამოართვა და მისი ორი ყოფილი თანაშემწე დააკავა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლსონარუმ 12-14 თებერვალი უნგრეთის საელჩოში გაატარა New York Times-მა საელჩოს უსაფრთხოების კამერის კადრებზე დაყრდნობით გაავრცელა.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეროვნულ ხელისუფლებას არ აქვს უფლება უცხოეთის საელჩოებში ადამიანები დააკავოს.

ბოლსონარუს ადვოკატმა, ფაბიო ვაინგარტენმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ექს-პრეზიდენტმა ორი დღე უნგრეთის საელჩოში "მეგობრული ქვეყნის ოფიციალურ პირებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად" და "ორი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ განახლებული ინფორმაციის" მისაღებად გაატარა.

"ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია, რომელიც სცილდება აქ მოწოდებულ ინფორმაციას, აშკარად გამოგონილია, არ არის დაკავშირებული ფაქტების რეალობასთან და, პრაქტიკაში, მხოლოდ ყალბი ამბების მორიგი ნაწილია", - წერს ვაინგარტენი.

ორშაბათს ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი დაიბარა.

უნგრეთის საელჩო ჯერჯერობით კომენტარზე უარს ამბობს. The New York Times წერდა, რომ საელჩოს თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმურობა არჩია, ყოფილი პრეზიდენტის მიღების გეგმა დაადასტურა.

ბოლსონარუს უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან კარგი ურთიერთობები აქვს. 2022 წელს ბუდაპეშტში ვიზიტის დროს მან ორბანს "ძმაც" კი უწოდა.

პოლიციამ ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს პასპორტი 8 თებერვალს ჩამოართვა და ამასთან დაადანაშაულა 2022 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ განკარგულების პროექტის რედაქტირებაში, სამხედრო მეთაურებზე ზეწოლასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დაპატიმრების მიზნით შეთქმულებაში.

გასულ წელს, სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის არჩევნებზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო 2030 წლამდე ბოლსონარუს არ აქვს უფლება პოლიტიკური თანამდებობები დაიკავოს. 

ბოლსონარუ საპრეზიდენტო არჩევნების წინ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს. მას ბრალად ედებოდა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ცრუ განცხადების გამო, თითქოსდა ელექტრონული ბიულეტენები ჰაკერებისა და თაღლითობის მიმართ დაუცველი იყო.

19 მარტს ფედერალურმა პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტი ვაქცინაციის ჩანაწერების თაღლითობაშიც დაადანაშაულა, რაც სისხლის სამართლის ახალი საქმის დაწყებას გულისხმობს.


close დახურვა