logo
ENG



მდინარაძე აშშ-ის საელჩოსგან მოსამართლეებზე სანქციების გაუქმებას "კატეგორიულად" ითხოვს

01 აპრ 202420:54
3 წუთის საკითხავი
clock 274
2024/04/01/805qx8pwitcrj70.jpg

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რამდენიმე ქართველი მოსამართლის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.

მდინარაძის თქმით, იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, ვისაც ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

"საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება - რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ.

ამ დრომდე, არ გვინახავს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არათუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურად საფუძველს. მიგვაჩნია და ხელის გულზე დევს ფაქტები, რომელთა მიხედვითაც, ის რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქცირებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც NGO სექტორის რიგი წარმომადგენლები და ნაცმოძრაობა მიმართავენ...

კატეგორიულები ვართ ამ მოთხოვნაში, რომ ამ ადამიანებს მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენ მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

***

2023 წლის 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს. 

გარდა ამისა, გასული წლის 15 ივლისს, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა და ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ აშშ-ის საელჩომ ამოშალა პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა.

 

 


close დახურვა