logo
ENG



ალავიძე: შესაძლოა, კლანს ჰქონდეს ჩანაწერები ივანიშვილთან და ოცნების ელიტასთან შეხვედრებზე

06 აპრ 202415:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/06/2t2nqqiyvza0ash.jpg

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შესაძლოა, კლანს ჰქონდეს ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილთან და ქართული ოცნების ელიტასთან შეხვედრების შესახებ.

ალავიძის თქმით, სასამართლო კლანი უფრო ჭკვიანი გამოდგა, ვიდრე ქართული ოცნება, რადგან კლანმა ოცნებას "ყველაფერი გამოსტყუა".

"ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ, ვისაც არ ეშინია რეპრესიების და ყოფნის გამბედაობა, გთხოვთ გაავრცელეთ, სტატუსი ემსახურება მხოლოდ თქვენი მომავლის გადარჩენას!

სასამართლოს კლანმა ცოტა ამოისუნთქა, როგორც იქნა შემოაგდო "ქართულმა ოცნებამ" თემა, რომელიც უკვე გახდა ყურადღების გადატანის კარგი მიზეზი. რომ გადავხედო ჩემ თვალწინ წლების მანძილზე განვითარებულ შიდა მოვლენებს, მათ შორის ურთიერთობას კლანსა და ქართულ ოცნებას შორის, კლანი უფრო ჭკვიანი გამოდგა. ოცნებას გამოსტყუა ყველაფერი, რაც მას უნდოდა, მაგალითად: ქართულ ოცნებას ჩააგდებინა გეგმა, რომელიც თავის დროზე ითვალისწინებდა რაღაც დონეზე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას მათ მიერ განხილული საქმეების კანონიერების და შესაძლო კორუფციული გარიგებების გამოვლენის თვალსაზრისით;

ქართულ ოცნებას ჩააგდებინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის მკაცრი ფილტრის დაწესებას და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეებისგან წმენდის დაწყებას; ქართულ ოცნებას უარი ათქმევინა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე ცალკეული მოსამართლეების მიმართ, რომლებშიც მოიაზრებოდა მათ შორის კლანის წევრებიც, სქმეები ეხებოდა განზრახ უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანას და უფლებამოსილების გადამეტებას; ქართულ ოცნებას აღიარებინეს, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე და მათი საძმო წარმოადგენენ რეჟიმის მსხვერპლს;

ქართულ ოცნებას გადაანიშნინეს თავი უვადოდი და განახორციელებინეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მეშვეობითაც კლანის ხელში თავი მოიყარა განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ, რომელიც ბუმერანგივით დაუბრუნდა ქართულ ოცნებას და ეს უკანასკნელი კლანის მხრიდან უკვე იქცა შანტაჟის მსხვეპლად;

ქართულ ოცნებას შესთავაზეს ნებისმიერი საქმის სასურველი შედეგით დასრულების შესაძლებლობა და ეს გაკეთდა მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალში თქვან, ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ისეთ დღეში გვაგდებდა სხვა გზა არ გვქონდაო; ამ კონტექსტში კლანის ბოსებმა განახორციელეს შიდა გადარჩევა იმ მოსამართლეებისა, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებდნენ ხელისუფლებიდან წამოსულ დაკვეთებს, სანაცვლოდ ასეთ არამზადებს დაპირდნენ დაწინაურებას, საბჭოს წევრობას, ნათესავების დასაქმებას, მივლინებებს და ..;

კლანის წევრები ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ მაქსიმალურად დაიფაროს მათი კვალი. ისინი არ კონტაქტობენ პირდაპირ, არამედ ძირითადად მუშაობენ შუამავლებით, შიკრიკებით, ამბის მიმტან-მომტანებით, ეს კონტინგენტი სასამართლოს შიდა რესურსია, მათ შორის მოსამართლეებიც ყავთ ჩათრეული ასეთ ბინძურ საქმეში. უკიდურეს შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები არის მაშველი რგოლი.  ჩემთან მიმართებაში მათ დიდი შეცდომები დაუშვეს, რასაც ნანობენ კიდეც, მართალია დროთა განმავლკბაში დაიხვეწნენ, მაგრამ მათი კვალი მაინც კარგად ჩანს ყველაფერში. როცა ამის დრო და პოლიტიკური ნება იქნება, მზად ვარ ყველაფერი საჯარო გავხადო;

ქართულ ოცნებას გარანტირებულად სჭირდებოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაჭერა, რომლებიც წინათ პატრონობდნენ კლანის ბოსებს, ასევე გარკვეულ საქმეებზე სასურველი შედეგის მიღება, ასეთი მომენტი კლანმა არ გაუშვა ხელიდან და ..გახმაურებული საქმეებით ქართულ ოცნებას დაუმტკიცეს ერთგულება;

კლანი ასევე იქცა საარჩევნო დავების განხილვის კონტექსტში, ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთ ინსტრუმენტად, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან კლანის დაცვის და დამატებითი გარანტიების ფასი რეკორდულად გაიზარდა. დღეს რომ მოინდომოს კლანის ბოსებმა, ქართულ ოცნებას ერთ დღეში დაასრულებენ, მაგალითად: პროკურატურას ჩაუგდებენ საქმეებს; ქართული ოცნების ელიტის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტენ დავებს; გააბათილებენ არჩევნების გაყალბების შედეგად ხელისუფლების სასარგებლოდ დათვლილ ხმებს; აქციის მონაწილეების მიმართ აღარ გამოიყენებ საპატიმრო სანქციებს; სისტემაში არ დანიშნავენ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, ხოლო უკვე დანიშნულებს შეუქმნიან პრობლემებს. ქართული ოცნება ძალიან მძიმე დღეშია, რადგან კლანმა უკვე ათქმევინა რომ რეჟიმის მსხვერპლები არიან და დღეს სასამართლო ზედამოუკიდებელია, ამაზე დიდი შეცდომა არა მგონია დაეშვა ბიძინა ივანიშვილს თავის ცხოვრებაში;

არ გამოვრიცხავ კლანს ჰქონდეს ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილთან და ოცნების ელიტასთან შეხვედრების შესახებ", - წერს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.


close დახურვა