logo
ENG



იოსელიანი: გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით

12 აპრ 202414:12
3 წუთის საკითხავი
clock 358

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის.

ეს განცხადება ომბუდსმენმა დღეს გააკეთა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მარტის აქციების შემდეგ დაკავებულ აქტივისტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ლაზარესთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი, რომ როდესაც დასრულდებოდა მისი საქმე, ჩვენ დამატებით დავუბრუნდებოდით ამ საქმის შესწავლას. ჩვენ უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ, შევისწავლით და დამატებით საზოგადოებას ჩვენ აზრს ამასთან დაკავშირებით ვაცნობებთ. ამ საქმეზე რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი - სად იყო პრობლემა, სად ვერ დავინახეთ პრობლემა, ამიტომ ახლა ამის გამეორება ზედმეტი იქნება", - ამბობს ლევან იოსელიანი.

6 აპრილს ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეში "ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავს".

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ დღეს გამოაცხადა. 

გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.

2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა