logo
ENG



კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17 აპრ 202417:59
3 წუთის საკითხავი
clock 379
2024/04/17/ooxdeb8v719lsge.jpg

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საერთო სასამართლოების მოსამართლეებს მოუწოდებს, დაიცვან რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებული მოქალაქეების უფლებები, არ მიიღონ მათ მიმართ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებები და არ წაახალისონ საპოლიციო თვითნებობა ქვეყანაში. 

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი დამოუკიდებელი და კრიტიკული ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მარგინალიზება და თავისუფალი აზრის ჩახშობაა. 

"კანონპროექტი საქართველოს აშორებს დემოკრატიულ სივრცეს და ქმნის გადაულახავ ბარიერს ევროინტეგრაციის გზაზე.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტთან მიმდინარე შეკრებები არის აბსოლუტურად კანონიერი და მშვიდობიანი, უკვე ორი დღეა პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს არათანაზომიერ საპოლიციო ძალას და აგრძელებს ადმინისტრაციული დაკავებების პრობლემურ პრაქტიკას. აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და მანიფესტაციის უფლების უხეშ დარღვევას.

შექმნილი პოლიტიკური და უფლებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები. კონკრეტული სასამართლო განხილვები არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს, არამედ გავლენას ახდენს ზოგადად ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ხარისხსა და კონსტიტუციური ღირებულებების დაცვაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მოსამართლეებს, რომლებსაც განსახილველად დაეწერებათ მშვიდობიან შეკრებაზე დაკავებული მოქალაქეების საქმეები:

  • დაიცვან საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და არ გამოიტანონ მათ მიმართ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები;
  • საქმეებში, სადაც ჩანს პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ნიშნები, მიიღონ შესაბამისი ზომები და მიმართონ საქმის გამოსაძიებლად შესაბამის სამართალდამცავ უწყებას", - ნათქვამია განცხადებაში. 
 

close დახურვა