გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონსა და პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიმართ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს ეხმაურება.
ფორმულასთვის მიცემულ განმარტებაში უწყება აცხადებს, რომ ფიშერს გერმანიის სრული მხარდაჭერა აქვს, როცა საქმე საქართველოში პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგსა და ქართულ მედიასა და ორგანიზაციებთან ინტერაქციას ეხება.
გერმანიის საგარეო ასევე ახსენებს რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნასაც, რომლის მიხედვითაც, კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და გაწვეულ უნდა იქნეს.
"ქართველ ხალხს სურს მომავალი ევროკავშირში და მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. თუმცა, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ამ გზას გადაუხვია. ვენეციის კომისიის მიერ 21 მაისს გაკეთებული განცხადება არის ძალიან მკაფიო: კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და უნდა გაიწვიონ. ეს არის გერმანიის მთავრობის პოზიცია, რომელიც საქართველოში ჩვენმა ელჩმაც გამოხატა. მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, როდესაც საქმე ეხება მის დავალებას გაუწიოს მონიტორინგი ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების განვითარებას და ინტერაქცია ჰქონდეს ქართულ მედიასა და ქართულ საზოგადოებასთან გერმანიის მთავრობის პოზიციის ასახსნელად და გამოსახატავად", - განუცხადა ფორმულას გერმანიის საგარეო უწყებამ.
29 მაისს პეტერ ფიშერმა თქვა, რომ შეუთავსებელია, როცა EU-ის წევრობა გსურს და თან ცდილობ ის "გლობალური ომის პარტიად წარმოაჩინო".
ელჩის განცხადებას კი გამოეხმაურა პრემიერი კობახიძე და ამბობს, რომ "ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს". ფიშერმა თქვა, რომ სანამ რუსული კანონი იმოქმედებს ქვეყანაში, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
კობახიძე "ასეთი ელჩის გამოგზავნისთვის" გერმანიას აკრიტიკებს.