სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო, რომელსაც 15 მაიის ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ, დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ორივე შემთხვევა ერთმანეთის მსგავსია, ხოლო ახლა ვიხილავთ გამოსვლებს "შერიგების, დამშვიდებისა და პატიების აუცილებლობის შესახებ".
"თუ დ.ტრამპზე თავდამსხმელმა სლოვაკური იცოდა, მისთვის საკმარისი იქნებოდა ყოველდღიური გაზეთები - N, Sme ან Aktuality წაეკითხა, რათა აშშ-ის დაუმორჩილებელ ყოფილ პრეზიდენტთან მდგომარეობის მოგვარების სურვული გასჩენოდა. სცენარები თითქმის ერთმანეთის ასლებია. დ.ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის გაჩუმებას და როცა ეს არ გამოუვიდათ, ისე აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც საწყალი ბიჭი იარაღს იღებს. ახლა კი მოწმენი გავხდებით გამოსვლებს შერიგების, დამშვიდებისა და პატიების აუცილებლობის შესახებ", - თქვა მან.
***
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია.
მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ის მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს.
მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.
***
სლოვაკეთის პრემიერმინისტრს რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 15 მაისს დაესხნენ. მას 5 ტყვია მოხვდა.
მასზე თავდასხმა ქალაქ ჰანდლოვაში, კულტურულ-საზოგადოებრივი ცენტრიდან გამოსვლისას მოხდა, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობდა.