ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი წინასაარჩევნო პერიოდსა და რუსული კანონის გამოწვევებს შეეხებოდა.
ამერიკელი კანონმდებლები 4 არასამთავრობო ორგანიზაციას ესაუბრნენ.
"საუბარ შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს, იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს რუსული კანონი საქართველოს სამოქალაქო სექტორზე. ამაზე იყო საუბარი. რაზეც ისაუბრეს მათ იყო ის, რომ ისინი არიან აქ, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ქართველ ხალხს არ მიატოვებენ მათ ბრძოლაში", - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ მსგავსი ვიზიტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
"ეს ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესაა ორპარტიული მხარდაჭერა და ამას შეხვედრაზე ხაზი გაესვა", - აღნიშნა დოლიძემ.
მოგვიანებით, აშშ-ის საელჩომ შეხვედრიდან ფოტოები და მოკლე განცხადება გაავრცელა. ფეისბუქპოსტში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მათ შორის ამ ორგანიზაციების მუშაობის გზით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.
"შეხვედრისას, სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის ერთგულება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერაში, რათა ყველა ქართველმა იცოდეს, რომ მათი ხმა დაითვლება და, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია" , - წერს საელჩო.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიცილური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს.
ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.