logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სახელმწიფოს ღალატი

15 სექ 202415:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/15/nqzte6w77renmd0.png

"Операции по принуждению к миру" - ასე უწოდა რუსეთმა ომს, რომელიც უკვე მერამდენედ საქართველოს წინააღმდეგ აწარმოა. ამ ომის ცხელი ფაზის შეჩერების შემდეგ, რუსული მშვიდობის პირობებზე თბილისის იძულების ოპერაცია გაგრძელდა.

"რუსული მშვიდობის" პრინციპების მორიგი მნიშვნელოვანი გზავნილი ადგილისა და გარემოების გათვალისწინებით ყველაზე ცინიკური ფორმით, ქვეყნის მიმტაცებელმა, გორში წარმოთქვა.

მმართველი პარტიის მთავარი დაპირება რუსული მშვიდობის ფორმულის ფუნდამენტური მდგენელია: ამერიკელები - ომის წამქეზებლები, საქართველო - ომის ინიციატორი, ქართველები - ნაცისტები და ფაშისტები, ოსების (ასევე აფხაზების) გენოციდის მომწყობები. რუსეთმა ომი იძულებით აწარმოვა, საქართველოს თავდასხმას მშვიდობიან ოსებსა და სამშვიდობოებზე უპასუხა, მშვიდობის იძულების ოპერაციით იხსნა ოსები სრული გენოციდისგან, ამდენად მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნად სამხრეთ ოსეთის აღიარებას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი კოსოვოს პრეცედენტის გათვალისწინებით. მსოფლიომ უნდა აღიაროს ეს "ფაქტები", საქართველო კი შეეგუოს "ახალ რეალობას" - ანუ ამ ტერიტორიაზე 3 დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას. ამის შემდეგ რუსეთი აქტიურ როლს ითამაშებს სამ სუბიექტს შორის მეგობრული ურთიერთობისა და რეგიონში მშვიდობის დამყარებაში. ეს არის რუსული მშვიდობის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული კონსტრუქცია.

ახლა რას ამბობს და აკეთებს ივანიშვილი 2012 წლიდან მოყოლებული: ამბობს, რომ ომი სააკაშვილმა, ანუ საქართველომ დაიწყო, ცეცხლში გავხვიეთ მშვიდობიანი ოსური მოსახლეობა, ჩავიდინეთ დანაშაული, რის გამოც ბოდიში გვაქვს მოსახდელი, მოვაწყობთ ნიურნბერგის პროცესს, რომელიც ყველამ იცის, რომ ნაცისტების გასამართლებას ემსახურებოდა, ანუ ვაღიარებთ ქართველების ნაცისტურ ბუნებას და ქმედებას 2008 წლის მოვლენებში და ამ ყველაფერს ვიღაც მარგინალური 1% -იანი რუსული პარტიის საარჩევნო ტრიბუნიდან კი არ ვისმენთ - მმართველი პარტიის მთავარ საარჩევნო დაპირებად გვთავაზობენ.

ხელისუფლებაში მყოფი ძალის მხრიდან ასეთი დაპირების არათუ შესრულება, მისი პოლიტიკური ტრიბუნიდან წარმოთქმაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ქმნის წინაპირობებს დასავლეთის მხარდაჭერის ლეგიტიმური არგუმენტებისათვის ძირის გამოთხრის, ქვეყნის დანაწევრების და კრემლზე უპირობოდ დასაქვემდებარებლად. პოლიტიკურ, მორალურ, სამართლებრივ ენაზე ამას ჰქვია სახელმწიფოს ღალატი!

რუსული დივერსიული ჯგუფის საქართველოს ხელისუფლებაში დატოვება - ჩამოშორების საკითხი აღარ არის პარტიული კონკურენციის, ან თუნდაც დემოკრატიის პერსპექტივის, მეტიც ორიენტაციული გადაწყვეტილება - 26 ოქტომბრის არჩევანი საქართველოს, როგორც ერთიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენის რეფერენდუმია.

ყველა, ვინც ამას ვერ იაზრებს, უარყოფს ცოცხალ მეხსიერებას, გაუცხოებულია თავისი მშობელი ქვეყნის წარსულისა და აწმყოსგან და ასამარებს მის მომავალს!


close დახურვა