logo
ENG



"რატომ? რა არის მიზეზი?" - კალაძისთვის "გაუგებარია", რატომ უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი

08 ოქტ 202414:14
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ტექსტს, რომელშიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბარი და ამტკიცებს, რომ ივანიშვილის სანქცირებისთვის ევროკავშირს მიზეზი არ აქვს.

მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი.

"რატომ? რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ იცავს თავის ქვეყნის ინტერესს? იცავს ხალხის ინტერესებს, იცავს საკუთარ სამშობლოს. რა არის მიზეზი?რაღაც ხომ უნდა იყოს ხელმოსაკიდებელი, რომ რაღაც საქართველოს მთავრობამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამანგრეველია, დამაზიანებელია, ასცდა ევროპულ კურსს, მიდის სხვაგან - რაღაც ხომ უნდა იყოს? რეალობაში არ არსებობს არაფერი"- ამბობს კალაძე.

9 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციას მიიღებენ. რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 რეზოლუციიდან - ხვალ 1 ვერსიას მიიღებენ.

რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომლის ინიციატორებიც, მათ შორის არიან პოლონელი ევროპარლამენტარი მალგოჟეტა გოშევსკა და ლატვიელი რიჰარდ კოლსი, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი.

კერძოდ, მოწოდებაა საბჭოსა და EU-ის დემოკრატიული პარტნიორებისადმი, განიხილონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ "საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებასა და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გამო".

რეზოლუციის ტექსტში მიესალმებიან აშშ-ის მიერ პერსონალური სანქციების შემოღებას ქართული ოცნების ოფიციალურ პირებზე და მოუწოდებენ ევროკავშირს, შემოიღონ ანალოგიური სავიზო შეზღუდვები მათ წინააღმდეგ, ვინც "მონაწილეობას იღებდა უცხოელ აგენტებზე კანონის მიღებაში", პარტიის სხვა მაღალი რანგის წევრების წინააღმდეგ, ასევე შეზღუდვები დაუწესდეთ მოსამართლეებს, რომლებსაც გამოტანილი აქვთ "პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები".


close დახურვა