logo
ENG



გელავა: საუბარია კომპანიაზე, რომელიც დაქირავებული ჰყავს საბჭოს, მე კომუნიკაცია არ მქონია

24 ოქტ 202415:26
3 წუთის საკითხავი
 

Atlantic Council-ის მკვლევარი სოფო გელავა, რომლის სახლშიც დღეს ჩხრეკა ჩატარდა, ამბობს, რომ სასამართლოს განჩინებაში საუბარი იყო კომპანიაზე, რომლის წინააღმდეგაც გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ფორმულასთან საუბრისას გელავა აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანია არის HR კომპანია და ატლანტიკურ საბჭოს სამართლებრივი შრომითი ხელშეკრულებების მოსაწესრიგებლად ჰყავს დაქირავებული.

მკვლევარი ასევე ამბობს, რომ ამ კომპანიასთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს და არც ჰქონია.

"ჩემთვის საერთოდ არ უთქვამთ, რომ ეს რაღაც დიდის ნაწილია. მეც მედიიდან მესმის, რომ პარალელურად რაღაც ქოლ ცენტრებზეა საუბარი. ჩემთან იყო საუბარი კომპანიაზე, რომელიც სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ამ კომპანიის წინააღმდეგ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით. მე რა ინფორმაციაც მაქვს ამ კომპანიაზე, არის ის, რომ ეს არის HR კომპანია, რომელიც დაქირავებული ჰყავს ატლანტიკურ საბჭოს, რომელთანაც მე ვმუშაობ და ის მხოლოდ სამართლებრივ შრომით ხელშეკრულებებს აგვარებს. სხვა კომუნიკაცია ჩვენ ამ კომპანიასთან არ გვაქვს და საერთოდ არანაირი კომუნიკაცია და მიწერ-მოწერა არ მქონია. ამის იქით ჩემთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, რომ ეს არის რაღაც დიდის ნაწილი და ამის გამო იყვნენ ჩემთან სახლში"- აცხადებს გელავა.

მკვლევარის თქმით, იმის პარალელურად, რომ თავად ანტიდასავლური დეზინფორმაციის შესახებ კვლევაზე მუშაობს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩხრეკის ჩატარება ბევრ კითხვას აჩენს.

"როგორც მე ვიცი, რომ ამ კომპანიასთან საერთოდ კავშირი არ მაქვს და არც ქოლცენტრებთან, დარწმუნებული ვარ, ასევე ზუსტად აქვთ ინფორმაცია, ვინ არის დაკავშირებული ამ გარკვეულ მაქინაციებთან.

ის ფაქტი, რომ ჩემი ლეპტოპი და ჩემი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება სახელისუფლებო დეზინფორმაციას და მავნე ინფორმაციის გავრცელებას, ჩემი მეუღლის ლეპტოპი, რომელიც ოპოზიციური პარტიის წევრია. ეს ყველაფერი რომ ხდება არჩევნებამდე სამი დღით ადრე და ასევე, გვაქვს მიმდინარე კვლევა, რომ ანტიდასავლური დეზინფორმაცია, რომ თითქოს დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში და არჩევნების შემდეგ ცდილობს აქ რევოლუციის მოწყობას, ეს მიმდინარე კვლევაა ჩემთვის და ეთოსთვის (ბუზიაშვილი) გამოსაქვეყნებელი, როდესაც ამ პროცესში ხდება ლეპტოპების ამოღება, ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დროს, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვას ბადებს და ბევრი საეჭვო გარემოება აქვს ამას უკვე ზოგად კონტექსტთან და პოლიტიკურ ფონთან დაკავშირებით"- ამბობს გელავა.

 

***

24 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა. ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სთენდაფერ ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლშიც შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა

ჩხრეკა ჩატარდა ასევე ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლშიც. ოჯახის თქმით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკას ისე ატარებდა. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მას ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ედავება, რასაც თავად უარყოფს. 

აღსანიშნავია, რომ ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლებშიც, რომლებიც საქმესთან არ არიან კავშირში. საუბარია სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილზე.  

 


close დახურვა