სტალინთან სამოკავშირეო მოლაპარაკებების დაწყების გამო თემთა პალატაში ჩერჩილი გაუკრიტიკებიათ. ბრიტანეთის პრემიერს თავი ასე უმართლებია: ჰიტლერთან დაპირისპირებაში სტალინს კი არა ეშმაკსაც კი შევეკვრებიო...
პოლიტიკაში, მით უმეტეს დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების დროს ხდება ხოლმე, როდესაც გარემოება გაიძულებს ორ ბოროტებას შორის შედარებით ნაკლებად საშიში აირჩიო... იმის იმედად, ნაკლებ ბოროტებასთან ერთად კოალიციაში უფრო დიდი ბოროტების ერთობლივად დამარცხების შემდეგ, ამ ნაკლებ საფრთხეს გაუსწორდები და პირიქით ის არ ჩაგყლაპავს და გაგანადგურებს.
ისტორიამ აჩვენა, რომ ჩერჩილი სწორად მოიქცა. ამ არჩევანის მართებულობა, 50 წლის შემდეგ, მისმა მემკვიდრემ, შეერთებულ შტატებთან ერთად წარმოებული ცივი ომის წარმატებულ დაგვირგვინებამდე მიიყვანა. რეიგანი და ტეტჩერი მსოფლიო ტოტალიტარიზმზე გამარჯვების სიმბოლოებად იქცნენ.
ამ დიდი სახელების ხსენების შემდეგ, ბოდიში მომითხოვია და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პრაგმატიზმსა და მის დამანგრეველ შედეგებზე უნდა დავიწყო საუბარი. შედეგებზე, რომლის პრევენციასაც ჩვენ თუ არ მოვახდენთ, დამანგრეველი აღმოჩნდება ქვეყნისთვის და პიროვნულად გამანადგურებელი თავად ივანიშვილისთვის.
ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბიძინამ ე.წ. დაბალანსების, დეკლარირებულად კი, "პრაგმატული საგარეო პოლიტიკის" გზა აირჩია - გვახსოვს.
უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, პირობებით საქართველოს სამუდამოდ მართვის სურვილზე დასავლეთიდან ლეგიტიმაციის არ მიღების გამო უკმაყოფილომ გადაწყვიტა, ფსონი გაეზარდა - რუსეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებით - ვაშინგტონთან და ბრიუსელთან ვაჭრობის უკეთესი წინაპირობები შეექმნა.
ვერც ამჯერად აღმოჩნდა მისი მცდელობა შედეგიანი: დასავლური ბლოკის დედაქალაქებიდან საქართველოს დემოკრატიული მომავლის მიმართ ერთგულება ივანიშვილის და მისი ოჯახის კეთილდღეობის ამოცანით ვერ ჩანაცვლდა.
შერყეულ პოზიციებს მოსკოვთან კიდევ უფრო მეტი დაახლოების აუცილებლობა მოყვა. დანარჩენი რომ აღარ გავიხსენოთ, მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთისადმი მიძღვნილი სიყვარულისა და ლოიალობის გამომხატველი, ერთი ტექსტით და ერთი ხმით დასავლეთის დემონიზების ქართულ-რუსული დუეტი, მოსკოვის ფავორიტობის კონკურსში მონაწილე ვენესუელასა და ბელორუსისთვისაც კი ეჭვიანობის საფუძველი გახდა.
თუმცა ლავროვების, სალავიოვებისა თუ მარგარიტა სიმონიანების საქართველოსადმი მოძღვნილი დითირამბები ემოციური ტონალობით არც კი შეედრებოდა სხვა მარიონეტებისადმი გამეტებულ კომპლიმენტებს. გასაგებიცაა: - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, დასავლეთის ყოფილი "ლუბიმჩიკი" სახელმწიფო და ხალხი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ოთხჯერ დაარბიე, ეთნიკური წმენდა მოუწყვე, ახლაც - ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპართეიდის პირობებში გყავს, ტერიტორიულად დაანაწევრე და სამ სახელმწიფოდ აღიარებ... ეს ქვეყანა და მისი არჩეული ლიდერები - დამნაშავედ, ომების ინსპირატორად, ეროვნული იდენტობის წამრთმევად და მტრად შენს ნაცვლად დასავლეთს აცხადებს.
ერთია - შენი ძველი მოკავშირე, შენგანვე ნაკვები და ნალოლიავები ვენესუელა, ნიკარაგუა თუ ბელორუსი როცა ამას აკეთებს და სულ სხვაა დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიჩნეული, შენს მიერ არაერთხელ დაქცეული და დაზარალებული ქვეყანა და მისი ხელისუფლება როცა ასე იქცევა.
ამიტომაც ასდიოდა ასეთი თვალშისაცემი ეროტიკული ალმური მოსკოვისა და ივანიშვილის არცთუ პლატონურ სიყვარულს.
ამიტომაც ეხმარებოდა და დაეხმარა კრემლი საპარლამენტო არჩევნებად წოდებული მასშტაბური სპეცოპერაციის წარმატებულ ორგანიზებასა და მის პროპაგანდისტულ უზრუნველყოფაში. ყველა სუბიექტი თუ ინსტიტუტი, რომელიც კრემლს გავლენის აგენტად და მოკავშირედ საქართველოში შემორჩა აქტიურად იქნა გამოყენებული ზეწოლისა და საარჩევნო შედეგის მასობრივი ფალსიფიკაციისათვის.
ახლა უკვე ივანიშვილი აღმოჩნდა დიდ ვალში. დროთა განმავლობაში, პოლიტიკურ თანამშრომლობასაც ისე ემართება, როგორც სიყვარულს - ფერები ხუნდება, გრძნობას განახლება ჭირდება ერთგულებას ახალი ფორმებით დამტკიცება.
პირდაპირ და უხეშად რომ ვთქვათ - ვალის თამასუქის განაღდების დრო დადგა.
ამისთვის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროსვე შემზადდა სიტუაცია: მიკიბმოკიბვის გარეშე მკაფიოდ ითქვა, რომ რუსეთთან დამნაშავეები ამერიკელების წამქეზებლობაზე დამყოლობის გამო ჩვენ ვართ, სეპარატისტებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი და ქვეყნის გამთლიანების სტრატეგია ამ მოცემულობას უნდა დაემყაროს.
წინა საარჩევნო ორომტრიალში ბევრმა მხოლოდ ყურებში გაატარა და ტვინთან არ მიუშვა კალაძის მადლიერების გამომხატველი გამოხმაურება - შექება მოსკოვიდან წამოსული გზავნილის, უფრო სწორედ - "სამომავლო პარტნიორობის" ფორმულის მიმართ. - "მოსკოვი მზად არის საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენასა და თანამშრომლობაზე პოზიტიური გავლენა მოახდინოსო.
საარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილის მიერ ნამათხოვრები საკონსტიტუციო უმრავლესობაც სწორედ ამ მოლოდინების საკვებად იყო გამიზნული.
პრობლემა ის არის, რომ პუტინი და მოსკოვი ქართველი ხალხი არაა, რომ ბევრჯერ გადააგდო და ამაზე მკაცრი პასუხი არ მოგთხოვოს.
მართალია, არც ქართველი ხალხისთვის და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ჯერ არაფერი დამთავრებულა, მაგრამ მოსკოვისა და მისი ადგილობრივი კლიენტისთვის არჩევნები დამთავრდა და თამასუქის განაღდების დროც დადგა.
შეხსენება მკაფიო, პირდაპირი, ხისტი, ყოველგვარი ქვეტექსტების და მიეთმოეთეს გარეშე რუსეთის საგარეო უწყების სახელით გავრცელდა: "საჭიროა თბილისიდან წამოსული "შემრიგებლური სიგნალები" პრაქტიკულ განზომილებაში გადაიზარდოს და საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებით ე.წ. დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს.
"აღნიშნული ამოცანების აქტუალობა განპირობებულია ოფიციალური თბილისის მიერ თვითონ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ იმ პოლიტიკური ძალების აღიარებით, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში "მეორე ფრონტის" გეგმას აყალიბებენ". ამავე განცხადებაში პირდაპირი მინიშნებაა, რომ მოსკოვი კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის, ანუ დასავლურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების დოქტრინალურ გარანტიად რჩება.
ამდენი მხოლოდ დამდგარი რეალობისა და საფრთხის მასშტაბურობის სრულად გასააზრებლად ვილაპარაკე. მიუხედავად იმისა ვინ რა ხასიათზეა ოცდაექვსი ოქტომბრის შემდეგ, ახლა მთავარი რაც უნდა გავაცნობიეროთ ისაა, თუ რამხელა მასშტაბის პრობლემის წინაშე ვდგავართ: გვყავს მიტაცებული ძალაუფლების მპყრობელი, ხალხისა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან უღიარებული, ნდობის მანდატის არმქონე, სუსტი ხელისუფლება, რომელსაც აღებული ვალდებულებები გასასტუმრებელი აქვს არამარტო შიდა კრიმინალური და სხვათა შორის უკვე დანაშაულებრივ ჯგუფებად ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უპრეცედენტო მასშტაბის არჩევნების მიტაცების ოპერაციაში მონაწილეობდნენ, არამედ, რაც კიდევ უფრო მეტად საშიშია - გასასტუმრებელია მოსკოვი, რომელმაც თამასუქის შინაარსი საქვეყნო გახადა, მაგიდაზე დადო და მიუთითა - რა კონკრეტული პირობების შესრულებას ელის ივანიშვილისგან: სეპარატისტების აღიარება და კონსტიტუციიდან საქართველოს დასავლური ვექტორის გარანტიის გაქრობა.
ივანიშვილმა ორმხრივ ცეცხლში მოიქცია თავი. საბოლოოდ გადაიკიდა დასავლეთი, დაასუსტა რა ის რესურსი, რისი მეშვეობითაც საქართველო ველური და აგრესიული მეზობლის გავლენის ზრდას უმკლავდებოდა და პარალელურად აიღო ვალდებულებები, რომლის გაუსტუმრებლობასაც არავინ აპატიებს მოსკოვიდან. მოგეხსენებათ კრემლში ინსტიტუციურ კონსენსუსი არ სჭირდება და არც ხელი უკანკალებს ვინმეს ყველაზე დაუნდობელ და სასტიკ ოპერაციებზე ბრძანების გაცემისას.
ამდენად, დღეს, ივანიშვილს, დასავლეთის სანქციებზე მეტად მოსკოვის ეშინია.
ასეთი სუსტი ის არასოდეს ყოფილა. ეს თავად რუსეთმა იცის მშვენივრად, ამიტომაც ზრდის წნეხს და თამაში ფაქტობრივად ღია ფაზაში გადაჰყავს.
გამოსავალი, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და ყოველმხრივ უკანონო პირობების გამცემი და მოლოდინების შემქმნელი ივანიშვილის ხელისუფლებიდან დროულ ჩამოშორებაშია.
ხელახალი არჩევნები და მისი ობიექტური შედეგი არის ერთადერთი გზა ქართული ოცნების წინდაუხედავი, თუ გნებავთ მოღალატეობრივი ნაბიჯების შედეგების თუ პრევენციისა ვეღარ - გამოსწორების მაინც. ეს უკვე ძალაუფლების პყრობის თემას გასცდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების და სახელმწიფოს არსებობის კატეგორიაში გადავიდა.
რომ შევაჯამოთ:
ივანიშვილი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად თავისი ხალხის წინააღმდეგ ეშმაკს შეეკრა. პრობლემა ისაა, რომ ბიძინა არათუ ჩერჩილი ვერაა - მეტიც, ის ვინც ამ ეშმაკთან მეტნაკლებ ბალანსს უქმნიდა, ანუ დასავლეთი უიმედოდ გადაიკიდა. მარტო დარჩა პუტინის პირისპირ და ამ მდგომარეობისკენ გვექაჩება ჩვენც, მთელს ქვეყანას.
რუსეთი, ღიად გაცხადებული მოლოდინით, ივანიშვილთან თამაშის წესების და ოცნების მიერ გაღებული პირობების გასაჯაროებით ამ საფრთხის მასშტაბის გააზრებაში გვეხმარება.
ამის დაუნახაობა - შორსმხედველობის დეფიციტის, ან ზედმეტად ახლომხედველობის დაავადებით ვერ გამართლდება. მისი შეუმჩნევლობა, არდანახვა და გაუთვალისწინებლობა მხოლოდ აბსოლუტურ სიბრმავესა და ეროვნული, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის სრულ ამპუტაციაზე იმეტყველებს.