კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პოლიცია მათ ოფისში შევიდა. გვარამიას თქმით, ისინი ჩხრეკის მიზნით მივიდნენ. მან ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
გვარამიას ცნობით, პოლიციისგან სასამართლო სანქცია მოითხოვეს, მაგრამ ეს დოკუმენტი თან არ აღმოაჩნდათ.
"ისინი ჩხრეკის მიზნით მოვიდნენ. ჩვენ, ასე ვთქვათ, სამართლებრივი წინააღმდეგობა გავუწიეთ იმიტომ, რომ უბრალოდ სასამართლოს სანქცია მოვითხოვეთ და მათ არ ჰქონდათ ეს დოკუმენტი წარმოსადგენი, როგორც ჩანს.
ასევე, ვთხოვეთ ახსნა-განმარტება, რასთან დაკავშირებით შემოდიან ჩხრეკაზე და არის თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ ეს ვერ მოხდა და გაბრუნდნენ. თუმცა აქ რჩებიან კვლავ და ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ წავიდნენ სასამართლოში ჩხრეკის ნებართვისთვის სანქციის ასაღებად", - თქვა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, საქმე გვაქვს "ავტორიტარული რეჟიმის დიქტატურაში გარდამავალ ფაზასთან".
"საქმე გვაქვს ავტორიტარული რეჟიმის დიქტატურაში გარდამავალ ფაზასთან. ხელისუფლების უზურპაცია სრულმასშტაბიანი და სრულფასოვანი სახით მიმდინარეობს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ", - თქვა გვარამიამ.