დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს. მას დე ფაქტო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა.
"შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო.
მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება.
შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ხუთი ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. მედიის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების სასტიკი დარებვის გამო სანქციები შეეხოთ: შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.
სანქციები მოიცავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას, ასევე აქტივების გაყინვას.
მალევე ამას მოჰყვა ახალი სანქციები აშშ-ის მხრიდან. აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში; ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, ზეწოლისა და მუქარის გარეშე ხმის მიცემის უფლების შესაზღუდად.