logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბიძინა წამებული არაა - ბიძინა მწამებელია!

29 დეკ 202419:59
3 წუთის საკითხავი
 

"კლოუნი რომ სასახლეში შევიდეს მეფე ვერ გახდება, აი სასახლე კი ცირკად გადაიქცევა." აღმოსავლური, ავტორიტარული მმართველობითი სისტემებისათვის დამახასიათებელ, არაფორმალური მმართველობის ფორმალიზაციისთვის განკუთვნილ დღევანდელ სპექტაკლს ეს აღმოსავლური ანდაზა ზუსტად შეესაბამა.

ჰაბიტუსის გამო შერჩეულმა, სინამდვილეში კი პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილმა, ანტიდასავლური და შესაბამისად, კრემლისტური ნარატივების უგზო-უკვლოდ მფრქვეველმა ყაველაშვილმა საქართველოს მიმტაცებელი პატრონის წინაშე ფიცი დადო - მისდამი უსიტყვო და მონური მორჩილების ფიცი.

შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ფიცში თუ არა, სპეციალურად მისი შესაძლებლობებისათვის მორგებულ სიტყვაში ქართული სუფრის როლსა და დანიშნულებაზე წინ აუცილებლად ახსენებდა კაცს, რომელსაც "მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის, რომელსაც ტანჯავენ, რომლისთვისაც სანქციები სასჯელი კი არა - ჯილდოა", რომელიც დედაღვთისმშობელივით ვერა, მაგრამ ბიძინა ერისთავივით გადაფარებულია საქართველოზე და ამისთვის ეწამება..

საქებარ-სამადლობელი აბზაცის დასასრულიც მომზადებული ექნებოდა - ისეთი, მთლად იმასაც რომ ესიამოვნებოდა - "ბიძინა წამებული!.." მაგრამ შეაცვლევინეს. ნამეტანიაო, უთხრეს.

"წამება"- ბოლო თვეა ეს სიტყვა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ძალიან ხშირად და სულ სხვა კონტექსტში ტრიალებს. მართალია სწორედაც, რომ ბიძინასთან დაკავშირებულ წინადადებებში, მაგრამ ნაცემ-ნაგვემი პატრიოტი ახალგაზრდების, მათი მარბიელი ფორმიანი თუ უფორმო კრიმინალების და მათთვის ბრძანებებისა და პრემიების დამრიგებლის მისამართით.

ბიძინა წამებული არაა - ბიძინაა მწამებელია!

ეს ყველამ იცის. მათ შორის იმ პოლიტიკოსებმა და საჯარო სამსახურების უფროსებმა მითვისებული პარლამენტის დარბაზში რომ ჩამოსხდნენ, მათ შორის იმ სამხედრო მეთაურებმა ქვეყნის მტრისგან, ანუ რუსი ოკუპანტისგან დაცვაზე ფიცი რომ აქვთ დადებული და რუსის მიერ თავზე დასმული ქართულ ჰაბიტუსიანი თოჯინის თავზე სახელმწიფო დროშის გადატარებას დუმილით უცქირეს, მათ შორის იმ მაღალიერარქებმა, რომელთა ნაწილის ოცნება ქვეყნის "მართლმადიდებლურ შარიათზე" მოწყობისა სინამდვილეში, ბიძინას ოცნებისგანაც კი შორია, მაგრამ ტაქტიკური მოკავშირეობის გამო უწილადებენ იმას, რაც მათ არ ეკუთვნით - ეკლესიისგან ლეგიტიმაციას.

დარბაზი, სადაც ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აქტი გამოაცხადა, პოლიტიკური ლეგიტიმაციის გამცემი ორივე კომპონენტისგან დაცლილი იყო: არც ხალხი, არც საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს ორივე ფაქტორი იქვე სუფევდა, დედაქალაქის ცენტრში, მაგრამ ოდნავ მოშორებით და სწორი თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა - მას ლეგიტიმაცია თან მიაქვს. მიაქვს იმავე ხალხში, რომელიც იძლევა ნდობის მანდატს და მსოფლიოს იმ ლიდერებთან, რომლებიც საქართველოს რუსული გავლენისგან, ანუ თავს მომჯდარი რუსული რეჟიმისგან გათავისუფლებას გულშემატკივრობენ.

საქართველოში კი ისეთი ბრძოლა მიდის, რომლის მსგავსიც არსად ყოფილა და არცერთ პრეცედენტს არ შეედრება: ქართველებისათვის დამახასიათებელი შემოქმედებითობით და სილაღით, ასევე ქართველებისათვის არც თუ დამახასიათებელი თვითორგანიზებულებით, თანმიმდევრულობითა და დაუღლელობით.

ჩვენს უახლეს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი ისე მთავრდება, რომ პოლიტიკური კრიზისი სახეზეა - პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტია არ არის წარმოდგენილი, საერთაშორისო იზოლაციის ხარისხი ყოველდღიურად იმატებს და მწვავე ფორმებს იძენს, ვუახლოვდებით უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, რომლის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობაც მხოლოდ პოლიტიკურ კეთროვნად ქცეულ, რუსული ინტერესების საქართველოში გატარების გამო სანქცირებულ ივანიშვილზეა.

მომავალი წელი დიდი პოლიტიკური გარდატეხის წელი იქნება, თუმცა წინა მსგავსი გარდამტეხი წლებისგან განსხვავებით ის ისტორიაში ლიდერის სახელთ არ შევა. ლიდერი საქართველოს რიგითი მოქალაქე, ის ადამიანი, რომელიც უკვე 1 თვეა უწყვეტად იბრძვის და ჭედავს არამარტო საქართველოს გამარჯვებას, არამედ ისეთი ქვეყნის დაფუძნებას, სადაც ავტორიტარიზმი, უსამართლობა და მონობა ფესვს ვეღარასოდეს მოიკიდებს!

დიდი გამარჯვების წელს გისურვებთ მთელ საქართველოს!


close დახურვა