იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებს შორის, პრორუსული მედიის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხიც მოხვდა.
"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მორიგ ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება. საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტისგან იმ მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან. კანდელაკი დაინტერესდა, თუ რატომ გრძელდება მსგავსი ტენდენცია მაშინ, როცა რუსული პროპაგანდა ლილუაშვილის უწყებისბის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოდგენს.
"თუ ეს ასეა მაშინ რატომ ხდება, რომ წლიდან წლამდე ჩვენ ვიგებთ, რომ ის მედიასაშუალებები, რომლებიც ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას, იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას საქართველოს ბიუჯეტიდან?"- განაცხადა კანდელაკმა.
მან კითხვით მიმართა ლილუაშვილს, თუ იცნობს MDF-ის ანგარიშს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ 2018 წელს მიიღო 129 ათასი ლარის დაფინანსება -
"უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო ასეთი სარედაქციო პოლიტიკის მქონე გამოცემებს?",-კითხულობს კანდელაკი.
მისივე თქმით, ლილუაშვილისთვის ასევე ცნობილია, "ქართული ოცნებასთან" დაახლოებული პირის , ვლადიმერ ბედუკაძის მედიასაშუალება "თბილისი 24," რომელიც ღიად გამოვიდა საქართველოში რუსული ბაზების განთავსების მოთხოვნით. როგორც ირკვევა, აღნიშნული სააგენტოც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
"თუ საფრთხეა რუსული პროპაგანდა, ხომ არ დაგვეწყო ამასთან ბრძოლა იმით, რომ რუსული პროპაგანდა როგორც მინიმუმ გადასახადის გადამხდელთა გადასახადებიდან არ დაფინანსდეს?"-აღნიშნა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ "მედიის განვითარების ფონდმა” გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში - “საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში." კვლევის მიხედვით, სახელმწიფო 2018 წელსაც განაგრძობს პრორუსული მედიაორგანიზაციების დაფინანსებას.
