logo
ENG



დევიდ ლამმი: განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, სანამ საქართველო არ შეცვლის ტრაქეტორიას

10 აპრ 202517:34
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/10/urge9fg5dzacvfz.png

დიდი ბრიტანეთის მხრიდან ქართული ოცნების მაღალჩინოსნის სანქცირების შემდეგ, საქართველოში გაერთიანებული სამეფო განცხადებას ავრცელებს, სადაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამმის კომენტარიცაა. 

სანქციების დაწესების შემდეგ, მან განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ხელთ არსებული შესაძლებლობების განხილვას იქამდე, სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. 

"მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად ქართული ოცნების მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.

დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა", - თქვა მან. 

დიდმა ბრიტანეთმა დღეს ქართული ოცნების კიდევ 4 მაღალჩინოსანს ფინანსური სანქციები დაუწესა. ისინი გაერთიანებული სამეფოს ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების ფარგლებში მოექცნენ. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია იმ ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი.

მათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის ქონება გაეყინებათ.

დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა: 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - შალვა ბედოიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის (ზვიად ხარაზიშვილი - ხარება) მოადგილე - მირზა კეზევაძე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი - კარლო კაციტაძე

გენერალური პროკურორი - გიორგი გაბიტაშვილი


close დახურვა