პარლამენტი დღეს უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნთან უმცირესობას შეკითხვები მის დამოუკიდებლობაზე, წარსულსა და "კლანურ მმართველობაზე" ექნება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძეს განსაკუთრებული მოლოდინი არც ამ კანდიდატის მიმართ აქვს და აცხადებს, რომ 11 მოსამართლიდან ცხრამ პროფეიონალიზმის, თერთმეტივემ კი დამოუკიდებლობის ტესტი ვერ ჩააბარა.
„არავითარი იმედი არ გვაქვს, რომ დარჩენილი მოსამართლეებიდან რომელიმეს შეიძლება ენდო, მით უმეტეს ამ მოსმენების შემდეგ, მოსამართლეთა კლანის არსებობა კიდევ უფრო და უფრო მტკიცდება. რაც შეეხება დღევანდელ კანდიდატს, როგორც ცნობილია, ის ამ მოსამართლეთა კლანის ერთ-ერთ წევრად მოიაზრება. ძირითადი კითხვები რაც მასთან გვექნება არის, იყო თუ არა ოდესმე საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი, ასრულებდა თუ არა ხელისუფლების დაკვეთებს, მომავალში როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში სასამართლო სისტემის რეფორმირება, რათა მოსამართლეებს მუდმივი მორჩილების შიში გაუქრეს,“ - აღნიშნა გოცირიძემ.
კლანის არსებობაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძეც. მისი თქმით, სწორედ ეს კლანი უზრუნვემჰყოფს ქვეყანაში მართლმსაჯულების მორჩილებას ივანიშვილისადმი.
„მიქაუტაძის სახელს უკავშირდება გასული წლის დეკემბერში წარმოდგენილი 10-კაციანი სია, რაც სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას მოწმობს. ასევე მიუთითებს, რომ პროცესი სხვადასხვა ტიპის კულვარული გარიგებებით, გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. სასამართლოს მმართველი კლანის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უზრუნველყოფენ, მართლმსაჯულების სიტემის მორჩილებას ივანიშვილის ხელისუფლებისადმი. ჩვენი კითხვები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებამ დაინახოს თითოეული კანდიდატის შესაძლებლობები და ის, თუ რა ფიგურებს გვთავაზობს ხელისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო,“ - აღნიშნავს კახიძე.
