აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად მიმდინარე აქცია, რომელსაც მოძრაობა "სირცხვილიას" წარმოამდგენლები მართავდნენ, დასრულდა. აქციის მონაწილეების ოპერისა და ბალეტის თეატრთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის მოვლენების შესახსენებლად მივიდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პრემიერი ღონისძიებაზე უკანა შესასვლელიდან შევიდა, რის გამოც მათ მისი ნახვის შესაძლებლბა გარეთ არ მიეცათ, თუმცა შიგნით შესვლა ერთ-ერთმა მონაწილემ მაინც მოახერხა.
„მე შევაღწიე ფორუმზე და სრულიად მოულოდნელად დავინახე პრემიერი. არ ვიცი რომელი შესასვლელიდან შევიდა. მივედი და ვუთხარი რომ სირცხვილია, მისგან კი მივიღე ცინიკური პასუხი, „რა მოხდა 20 ივნისს ისეთი, რაც სირცხვილია?!“, - აცხადებს აქციის მონაწილე, თამარ კაკაბაძე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე პრემიერს აკრიტიკებს და მას მხდალს უწოდებს. ირინა სტურუას თქმით, ორგანიზაცია "სირცხვილია" ყოველთვის შეახსენებს გახარიას მის პასუხისმგებლობას 20 ივნისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.
„ბოლო დროს დამალობანას გვეთამაშებიან. არც კი ეუხერხულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომ უკანა შესასვლელებიდან იპარება და ისე შედის სხვადასხვა ივენთებზე. თუ მოსწონს, რომ ეგეთი პრემიერ-მინისტრი იყოს, მხდალი, ჩვენ ყოველთვის ყველგან შევახსენებთ ვინ არის და 20 ივნისის დავიწყების საშუალებას არ მივცემთ,“ - აცხადებს მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ირინა სტურუა.
