logo
ENG



აბესაძე ანაკლიაზე:პროექტის განხორციელების მთავარი პრობლემა იყო სახელმწიფო და მისი ჩინოვნიკები

22 ოქტ 201912:40
3 წუთის საკითხავი
 
ovapchzusbch4xz.png

ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი მზად არის პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს. საქართველოს პარლამენტის წევრები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს ღია დისკუსიის ფორმატში პარლამენტში იწვევენ. 

კოლეგების მოთხოვნას იზიარებს "ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე. იგი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ყოველთვის სახელმწიფო იყო.

"მთავარი პრობლემა ამ პროექტის განხორციელების იყო სახელმწიფო, სახელმწიფო ჩინოვნიკები და ის უკანონო დავალებები, რომლის შესრულებაში ჩართული იყო პროკურატურა, ეროვნული ბანკი და სხვა სახელმწიფო უწყებები,"-აცხადებს აბესაძე. 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამ ფორმატით მოსმენის მოწყობა პარლამენტში აუცილებელია და იმის დრო არ არის, რომ დეპუტატები წლის ბოლოს დაელოდონ.  

"საჭირო და აუცილებელია იმდენად რთულ ფაზაშია შესული ეს პროცესი და ამ პროექტთან დაკავშირებული მოვლენები იმდენად დრამატულ სახეს იღებს, რომ ვფიქრობ წლის ბოლოს არ უნდა დაველოდოთ"-აცხადებს ბესელია.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილისა და კობა ნარჩემაშვილის ინიციატივას არ იზიარებს უმრავლესობა. ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მას უფრაქციო დეპუტატების ინიციატივები არ აინტერესებს.

"უფრაქციო პარლამენტის წევრების ინიციატივები ჩემთვის არ არის საინტერესო. ჩვენ ყოველთვის როდესაც ვმოქმედებთ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის საზოგადოების და ქვეყნის ინტერესები. უფრაქციო პარლამენტის წევრების ინტერესები არ ვიცი რა არის, მაგრამ ისინი არიან სუბიექტურები,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.  


close დახურვა