ოკუპანტებმა ქართული მიწა და ტყე მიიტაცეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობში მცხოვრები ერთადერთი ოჯახი მცოცავ ოკუპაციასა და ოკუპანტების მიერ გარემოს განადგურებას რამდენიმე დღე პირისპირ აკვირდებოდა. ახალი გზის გაყვანასა და ტყის გაკაფვაში ხელი საოკუპაციო ძალისთვის არავის შეუშლია - სოფელი ჩაკეტილია. წნელისიდან, ყობის გვერდის ავლით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოებისკენ ახალი გზის გაყვანა უკვე დაასრულეს. მოსახლეობა გვიყვება, რომ აქ სამართალდამცველები ბოლო დროს უფრო გააქტიურდნენ, მას შემდეგ რაც ჩორჩანა-წაღვლის ტყეში რუსმა ოკუპანტებმა გზის გაჭრა დაიწყეს. „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი დღეს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ჟურნალისტები ყობში არ შეუშვეს.
„ფორმულა“ ყობის ერთადერთ მკვიდრ ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა. ადგილობრივი გენადი ბოსიკოვი აცხადებს, რომ სოფელთან ოკუპანტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს და წნელისამდე გზა გაჭრეს.
„მაგაზე მეშლება ნერვები ზუსტად, თუ ჟურნალისტის მოსვლა არ შეიძლება, ჩემი ცხოვრება შეიძლება აქ? „ზნაჩიტ“ მე გადავრჩები, მოვკვდები მათთვის სულერთია? გზა გაჭრეს ადიან თავის გემოზე და ჩამოდიან. იმათმა რაც უნდოდათ ის გზა გაჭრეს. რაც რუსები ჩამოვიდნენ მას შემდეგ ვეღარ გავდივართ, ფული სად მაქვს რომ დამიჭირონ?,“ - აცხადებს ბოსიკოვი.
საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს სისტემატიურად აშუქებს რადიო თავისუფლების კორესპონტენტი გოცა აფციაური. მისი თქმით, ინტენსიურად მუშაობდა ტექნიკა, რათა გაეყვანათ რუსებს გზა წნელისიდან ყობის მოსაზღვრედ იმ საგუშაგოებისკენ რომლებიც შემორჩენილია ჩორჩანა-წაღვლის მიმდებარედ საქართველოს ტერიტორიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
საოკუპაციო რეჟიმი ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ. 2018 წლის ნოემბერში ისინი, სოფელ ატოცში გამოჩდნენ და საოკუპაციო ხაზი 50 მეტრით გადმოწიეს და ჩადგეს 147 ბოძი. 2019 წლის აგვისტში სოფელ გუგუთიანთკარში ერთ-ერთი მცხოვრების სახლი გადმოწეულ საოკუპაციო ზოლში მოხვდა. ამავე პერიოდში შემოვიდნენ საოკუპაციო ძალები ყობის სიახლოვესაც. ყობს და ოკუპირებულ წნელისს მდინარე ლამუშურისწყალი ჰყოფს. წნელისი, ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით ვითარება აგვისტოში გამწვავდა, როცა ჩორჩანას ტყეში საქართველოს საპოლიციო საგუშაგო ჩადგეს. საპასუხოდ კი ოკუპანტებმა ჩორჩანის მიმართულებით ტყეში დაახლოებით კილომეტრნახევრით, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოიწია და 2 ე.წ. საგუშაგო მოაწყო. დაახლოებით 2 კვირის წინ ოკუპანტება ამავე ტერიტორიის მიმდებარედ სოფელ ატოცში მუშაობა განაახლეს და 330 მეტრის საოკუპაციო ღობე გაავლეს.
