დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა განახლებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამჟამად აშშ-სთან განიხილება.
განახლებული პროექტი შეიცავს თავდაპირველი 28 პუნქტის ზოგიერთ ვარიაციას – მაგალითად, მშვიდობიან პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვას.
ამავდროულად, ამოღებულია ისეთი დებულებები, როგორიცაა ომის დანაშაულებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებაზე სრული უარის თქმა.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ 20-პუნქტიანი გეგმა ერთ-ერთია იმ ოთხი დოკუმენტიდან, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. დანარჩენებია: სამმხრივი შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ (უკრაინა, აშშ და ევროპა), ორმხრივი პაქტი უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და „კეთილდღეობის საგზაო რუკა“, რომელიც ვაშინგტონთან ერთად შემუშავდა და 2040 წლამდე აღდგენასა და ეკონომიკურ განვითარებას ეხება.
გეგმის პუნქტები:
-
უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება.
-
თავდაუსხმელობის შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის; მონიტორინგი შეხების ხაზზე.
-
უსაფრთხოების გარანტიები.
-
მშვიდობიან პერიოდში უკრაინის სამხედრო პერსონალის ზედა ზღვარის 800 000-ით განსაზღვრა.
-
აშშ, ნატო და ევროპა უკრაინას მიაწვდიან უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) საფუძველზე; რუსეთის ახალ შეჭრას მოჰყვება სამხედრო პასუხი და განახლებული სანქციები.
-
რუსეთი ყველა საჭირო კანონში განამტკიცებს თავდაუსხმელობის პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ.
-
უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი გარკვეულ ეტაპზე, გაწევრიანების თარიღის დაფიქსირების გეგმით.
-
გლობალური განვითარების პაკეტი, რომელიც განისაზღვრება ცალკე საინვესტიციო შეთანხმებით.
-
რამდენიმე ფონდის შექმნა აღდგენის საკითხების გადასაჭრელად (მიზანი: 800 მილიარდი დოლარი).
-
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება უკრაინასა და აშშ-ს შორის.
-
უკრაინის არაბირთვული სტატუსი.
-
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური - გამომუშავებული ენერგია 50/50-ზე გაყოფა აშშ-სა და უკრაინას შორის, აშშ გადაწყვეტს, სად წავა ეს ენერგიის მისი წილი.
-
საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებში სხვადასხვა კულტურის გაგებისა და ტოლერანტობის ხელშესაწყობად, ასევე რასიზმიისა და ცრურწმენების აღმოსაფხვრელად.
-
ტერიტორიები: ერთი ვარიანტით, რუსეთი გადის დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, სუმიდან და ხარკოვიდან, ხოლო უკრაინა ინარჩუნებს პოზიციებს დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში. რუსეთი ითხოვს უკრაინის გასვლას დონეცკიდან, ხოლო აშშ-ის წინადადების მიხედვით, ჩამოყალიბდება თავისუფალი ეკონომიკურ ზონას.
-
რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას, არ შეცვალონ შეთანხმებები ძალის გამოყენებით.
-
რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინას დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში.
-
პატიმრების გაცვლა პრინციპით „ყველა ყველაზე“, სამოქალაქო პირების, ბავშვებისა და პოლიტპატიმრების დაბრუნება.
-
უკრაინამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მალევე უნდა ჩაატაროს არჩევნები.
-
ეს შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო. მის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს სამშვიდობო საბჭო, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.
-
მას შემდეგ, რაც ყველა მხარე დაეთანხმება ამ შეთანხმებას, სრული ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
მიუხედავად იმისა, რომ კიევი და ვაშინგტონი აცხადებენ, რომ პროექტი მეტწილად დასრულებულია, ორივე მხარის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ რამდენიმე დებულება კვლავ მიუღებელია და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ შორს არის.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ასევე უარყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებები სამშვიდობო მოლაპარაკებებში „გარღვევის“ შესახებ.
