logo
ENG



აშშ-მ ხუთ პირს, მათ შორის ყოფილ ევროკომისარ ტიერი ბრეტონს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

24 დეკ 202517:59
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/24/ipxx2sopczzrnjg.png

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთ ადამიანს, მათ შორის ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს, აშშ-ში შესვლა აუკრძალა. ვაშინგტონის განმარტებით, სანქციების მიზეზი ამერიკული სოციალური მედიის პლატფორმების „იძულების“ მცდელობაა, რომლის მიზანიც, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, განსხვავებული შეხედულებების ცენზურა, დემონეტიზაცია და ჩახშობა იყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განცხადებაში აღნიშნა, რომ სანქცირებული პირები ხელმძღვანელობდნენ ორგანიზებულ ძალისხმევას, რომელიც ამერიკელი გამომსვლელებისა და კომპანიების წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, „რადიკალურმა აქტივისტებმა და იარაღად ქცეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა“ ხელი შეუწყვეს უცხო ქვეყნების მხრიდან ცენზურის გამკაცრებას, რაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის პოტენციურად სერიოზულ უარყოფით შედეგებს ქმნის. ამ საფუძვლით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ აღნიშნული პირების აშშ-ში შესვლა, ყოფნა ან საქმიანობა დაუშვებელია.

მედიის ცნობით, სანქცირებულთაგან ერთ-ერთი ტიერი ბრეტონია, რომელმაც მანამდე Meta-ს დამფუძნებელ მარკ ცუნკერბერგს და X-ის მფლობელ ილონ მასკს მოუწოდა, გაეაქტიურებინათ ბრძოლა ისრაელ–ჰამასის ომის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან.

საპასუხოდ, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) თავმჯდომარემ სოციალური მედიის პლატფორმებს აცნობა, რომ ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (DSA) არ უნდა იქნას გამოყენებული აშშ-ში, რადგან ის, მათი შეფასებით, ამერიკელების სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.

ვიზის შეზღუდვებს ევროკომისიაც გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წარმოადგენს ღია, წესებზე დაფუძნებულ ერთიან ბაზარს და სუვერენული უფლება აქვს, ეკონომიკური საქმიანობა დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად დაარეგულიროს. ევროკომისიის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში, ხოლო ევროკავშირის ციფრული წესები მიზნად ისახავს უსაფრთხო, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემოს უზრუნველყოფას. ევროკომისიამ აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოითხოვა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა „სწრაფი და გადამწყვეტი პასუხისთვის“, რათა თავისი მარეგულირებელი ავტონომია დაიცვას.

აშშ-ის გადაწყვეტილება დაგმო საფრანგეთმაც. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს „დაშინებასა და იძულებას“, რომლის მიზანიც ევროპის ციფრული სუვერენიტეტის შესუსტებაა. მაკრონის თქმით, ევროკავშირის ციფრული რეგულაციები მიღებულია დემოკრატიული და სუვერენული პროცესის ფარგლებში და ისინი არ ვრცელდება ევროპის ფარგლებს გარეთ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს ევროკავშირის ციფრული სუვერენიტეტისა და მარეგულირებელი ავტონომიის დაცვას.

 


close დახურვა