დღეს ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია - საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლის დღე. იმპერიის, რომელმაც ათწლეულებით ჩაგვიკეტა თავისუფლების პერსპექტივა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ აარიდა თავი საკუთარი დაშლის ლოგიკას. ამ დღეს თითქოს საბოლოოდ დაიხურა გიგანტური რეპრესიული და ბიუროკრატიული მანქანის წიგნი, რომლის გვერდებშიც საქართველოც იყო ჩაჭედილი. სწორედ ამ პროცესის ფონზე ჩამოვყალიბდით როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი გზა, საკუთარი არჩევანი და პასუხისმგებლობა აქვს.
რა თქმა უნდა, ამით ყველაფერი არ გამქრალა, რაც მწარე წარსულს გვაკავშირებს: საქართველომ საბჭოთა კავშირი დატოვა, მაგრამ საბჭოთა კავშირი ბოლომდე ჯერ არ გასულა საქართველოდან. დღევანდელი რეჟიმი მიტაცებული სახელმწიფოს კლასიკური ნიმუშია - საბჭოური მენტალიტეტით შეკრულ-შედუღაბებული ელიტა, რომელიც ქვეყანას ვერანაირ იდეურ პროექტს ვერ სთავაზობს და სახელმწიფო ინტერესებით, ჩვეულებრივ, საქონელივით ვაჭრობს. ეს არის ინფანტილური, მომხვეჭელი, კორუფციასთან ჩახუტებული და კრიმინალთან დაახლოებული მმართველობა, რომლის ისტორიული ანალოგი სწორედ იმპერიის დაშლის ბოლო ფაზაა: როცა იდეოლოგია გაქრა, მაგრამ პრივილეგიების შენარჩუნების ჟინი დარჩა.
სხვათაშორის, მაშინ კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის - კომკავშირის წევრობის ზედა ასაკი 28 წელი იყო, დღეს კი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ 36 წლის ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. მის გვერდით ბელადის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი იდგა და მედიასთან ყველასთვის მისაღებ სიტყვებს ლაპარაკობდა. ამაში არაფერი იქნებოდა ცუდი და გამაღიზიანებელი, რომ არა მისი მამის მიერ დამკვიდრებული რეჟიმის დამოკიდებულება იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც მართლა დგანან თავისუფლებისა და ქვეყნის მომავლის მხარეს.
მათი საუკეთესო ნაწილი ცოტნეს მამის გადაწყვეტილებით დღეს ციხეში ზის, სხვებს კი ისევ ღია აქვთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლისთვის სასტიკი დარბევის, ცემის, დამცირების და მოწამვლის შედეგად მიღებული ჭრილობები.
სანამ ქვეყნის მომავალზე ზრუნვის "უფლება" პრივილეგირებული შვილების ვიწრო წრეს აქვს მიტაცებული, ხოლო თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდებისთვის ქვეყანას მხოლოდ იზოლატორები, ხელკეტები, რეზინის ტყვიები და ქიმიური "შხაპი" ემეტება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, ოფიციალურად დაშლიდან 34 წლის თავზე საბჭოთა საწამლავი, როგორც მენტალური და პოლიტიკური ტოქსინი ჩვენი პოლიტიკური სხეულიდან საბოლოოდ ჯერ კიდევ არ გამოდევნილა.
