ირანის ბოლო შაჰის, მუჰამედ რეზა ფეჰლევის ვაჟი, ემიგრაციაში მცხოვრები რეზა ფეჰლავი, ირანულ დიასპორას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე კამპანიაში და არ დაუშვან, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა დავიწყებას მიეცეს.
ვიდეომიმართვაში, რომელიც მან X-ზე გაავრცელა, ფეჰლავი ირანელებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, სთხოვს, დაუკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო, პოლიტიკურ და მედიასტრუქტურებს, რათა ირანში მიმდინარე მოვლენების გაშუქება არ შეწყდეს.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ხმა საერთაშორისო დონეზე ჩაიხშოს,“ — აცხადებს ფეჰლავი. მისი თქმით, მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ირანის ხალხი, ყველა დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, „განსაკუთრებული სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას“. ფეჰლავის შეფასებით, დიასპორის აქტიურობა ქვეყნის შიგნით მყოფ პროტესტის მონაწილეებს დამატებით მოტივაციას მისცემს და დაანახებს, რომ ისინი მარტო არ არიან.
ბოლო დღეებში ირანში გამართული აქციების მონაწილეთა ნაწილმა საჯაროდ გამოთქვა მხარდაჭერა რეზა ფეჰლავის მიმართ და მისი დაბრუნების მოთხოვნაც გააჟღერა.
რეზა ფეჰლავი ირანის უკანასკნელი შაჰის, მუჰამედ რეზა ფეჰლავის უფროსი ვაჟია. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, რომელმაც მონარქია დაამხო და ირანში ისლამური რესპუბლიკა დააფუძნა, ფეჰლავების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. რეზა ფეჰლავი წლებია აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს და თავს ირანის დემოკრატიული მომავლის მხარდამჭერ ფიგურად წარმოაჩენს. იგი საჯაროდ უჭერს მხარს საერო, დემოკრატიულ ცვლილებებს ირანში, თუმცა ოფიციალურ პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებს.
