პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ისგან ელოდება სიცხადეს შემდგომ შეხვედრებთან დაკავშირებით.
იგი ვარაუდობს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაიმართება.
"მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი განახლებულ ინფორმაციას რუსტემ უმეროვისგან. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ამერიკულ მხარესთან და ველოდებით სიცხადეს შემდგომ შეხვედრებთან დაკავშირებით.
უკრაინა მზად არის ჩაერთოს ყველა სამუშაო ფორმატში. მთავარია შედეგის მიღწევა და შეხვედრების გამართვა. ჩვენ იმედს ვამყარებთ მომავალ კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებებზე და შესაბამისად ვემზადებით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის ომთან დაკავშირებით ხვალ, 1-ელ თებერვალს უნდა გაგრძელდეს.
