\საზოგადოების ნამდვილი სახე ყველაზე კარგად მაშინ ჩანს, როცა ის წყვეტს - ვის ტკივილს ხედავს და ვისას არა.
17 მაისი საქართველოში ბოლო ხანს მხოლოდ კალენდარული თარიღი აღარ არის.
ეს არის დღე, რომელმაც ჩვენ, როგორც საზოგადოება, ძალიან რთული და საჭირო კითხვის წინაშე დაგვაყენა: რას ვეძახით ოჯახს, რას ვეძახით რწმენას, რას ვეძახით ტრადიციას და სად მთავრდება ღირებულებების დაცვა, როცა ის ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ძალის, სიძულვილისა და პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად იქცევა.
მსოფლიოში 17 მაისი ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მისი არსი არც ფესტივალია, არც პროვოკაცია, არც ვინმესთვის ცხოვრების წესის თავს მოხვევა. მისი პირველადი მნიშვნელობა გაცილებით მარტივი და ადამიანურია - არავინ უნდა იყოს ძალადობის სამიზნე მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობას არ ჰგავს.
საქართველოში ამ დღის ისტორია განსაკუთრებით მტკივნეულია.
2013 წლის 17 მაისს რამდენიმე ათეული ადამიანის მშვიდობიანი შეკრება იქცა მასობრივი აგრესიის სამიზნედ. ქუჩაში მივიღეთ არა მხოლოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პროტესტი, არამედ ძალადობის ლეგიტიმაციის საშიში სურვილი. მოგვიანებით, მომხდარის გამო, სინანულის სიტყვებიც ითქვა, მათ შორის ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდანაც. მაგრამ სინანული მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როდესაც მას დასკვნა მოსდევს. როდესაც საზოგადოება საკუთარ თავს ეუბნება: ეს აღარ უნდა განმეორდეს.
სამწუხაროდ, 2021 წლის 5 ივლისმა გვაჩვენა, რომ ეს დასკვნა ქვეყანამ ვერ გამოიტანა.
იმ დღეს თბილისის ცენტრში, რუსთაველზე და მიმდებარე ქუჩებზე, ზიზღით და სიძულვილით დამუხტულმა ძალადობამ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე გადაიარა. ათეულობით მედიის წარმომადგენელი დაშავდა. მოგვიანებით გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ეს იყო არა მხოლოდ ჟურნალისტებზე თავდასხმა. ეს იყო სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების მორალური პასუხისმგებლობის ტესტი და ეს ტესტი ვერცერთმა ინსტიტუტმა ვერ ჩააბარა.
მძიმეა, მაგრამ საჭირო იმის გახსენება, რომ იმ დღეს, ძალადობის ეპიცენტრიდან რამდენიმე მეტრში, ქაშვეთის ტაძარში მიმდინარე მსახურებას ესწრებოდნენ მღვდელმთავრები, მათ შორის დღევანდელი პატრიარქი შიო მესამე. არავის აქვს უფლება ფაქტების გარეშე ვინმე ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულოს. მაგრამ ეკლესიას, როგორც ამ ქვეყნის სულიერი მეხსიერების მატარებელ ინსტიტუტს, 5 ივლისზე გაცილებით მეტი აქვს სათქმელი. არა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, არა მტრების საძებნელად, არამედ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიმიჯნოს რწმენა - ძალადობისგან, ქრისტიანობა -სიძულვილისგან და ტრადიცია - ბრბოს ინსტინქტისგან.
ოჯახი მართლაც წმინდაა.
მაგრამ ოჯახი წმინდაა არა ლოზუნგით, არა მსვლელობით, არა ადმინისტრაციული რესურსით და არა პროპაგანდისტული კამერებისთვის.
ოჯახი წმინდა და მტკიცეა იქ, სადაც არის სიყვარული, ზრუნვა, ერთგულება, პატივისცემა და პასუხისმგებლობა. ოჯახი წმინდაა იქ, სადაც დედა ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. სადაც მამა საკუთარი შვილისთვის წამალს ითხოვს. სადაც ბებია და ბაბუა ღამეს ათენებენ, რომ მათი შვილიშვილის სიცოცხლე სახელმწიფოს გულგრილობას არ შეეწიროს.
დღეს, როდესაც თბილისში ოჯახის სიწმინდის სახელით მსვლელობა იმართება, სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, უკვე კვირებია დგანან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები. დგანან წვიმაში, ქარში, ღია ცის ქვეშ. ისინი არ ითხოვენ პრივილეგიას. არ ითხოვენ პოლიტიკურ სარგებელს. არ ითხოვენ განსაკუთრებულ პატივს. ისინი ითხოვენ იმას, რაც ცივილიზებულ სახელმწიფოში ბავშვს უნდა ეკუთვნოდეს - შანსს სიცოცხლისთვის.
და აქ უნდა დავსვათ მთავარი კითხვა:
თუ ოჯახი მართლა წმინდაა, სად არის სახელმწიფო ამ ოჯახების გვერდით?
თუ ოჯახი მართლა ღირებულებაა, რატომ დგას დედა ხელისუფლების კართან, როგორც შემაწუხებელი პრობლემა?
თუ ქრისტიანობა მართლა მოწყალებაა, რატომ რჩებიან ყველაზე დაუცველი ოჯახები მარტო მაშინ, როდესაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა და მოქმედება?
დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს 17 მაისი აქციოს არა ოჯახზე ზრუნვის დღედ, არამედ იდეოლოგიურ სპექტაკლად. თითქოს ოჯახი საფრთხეშია არა სიღარიბისგან, არა ემიგრაციისგან, არა დაუცველობისგან, არა ავადმყოფი ბავშვებისთვის წამლის მიუწვდომლობისგან, არა მოხუცების მარტოობისგან, არა დედებისგან, რომლებიც შვილებს უცხოეთში მუშაობის გამო შორდებიან - არამედ იმ მცირე, დაუცველი ჯგუფებისგან, რომლებსაც სინამდვილეში თავად სჭირდებათ ელემენტარული უსაფრთხოება.
ეს არის მთავარი ტყუილი.
ქართული ოჯახი დღეს ინგრევა არა იმიტომ, რომ სადღაც მოქალაქეთა მცირე ჯგუფი ძალადობისგან დაცვის უფლებას ითხოვს. ქართული ოჯახი ინგრევა მაშინ, როცა ქვეყანა იცლება ადამიანებისგან. როცა დედა იტალიაში უვლის სხვის მოხუცს და საქართველოში საკუთარ შვილს მხოლოდ ეკრანიდან ელაპარაკება. როცა მამა კარგავს სოციალურ ფუნქციას, ღირსებას, შემოსავალს და შემდეგ ამ დაგროვილ სიმწარეს ყველაზე სუსტისკენ მიმართავს. როცა მოხუცები მარტო რჩებიან. როცა ბავშვების ჯანმრთელობა ბიუროკრატიულ ცინიზმს ეჯახება.
აი, ეს არის ოჯახის რეალური კრიზისი.
ქრისტიანული თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის. ეს არის შინაგანი მდგომარეობა - უნარი, შეინარჩუნო სინდისი მაშინაც, როცა ბრბო სხვა რამეს გკარნახობს; გაარჩიო სამართლიანობა ძალმომრეობისგან; არ დაემორჩილო შიშს, სიძულვილს და კოლექტიურ ზეწოლას.
ეკლესიას სრული უფლება აქვს და მოვალეცაა დაიცვას ოჯახის ტრადიციული გაგება. ეს ჩვენი რწმენის, სწავლებისა და ისტორიული იდენტობის ნაწილია. მაგრამ ოჯახის დაცვა არ ნიშნავს ადამიანის დამცირებას. ტრადიციის დაცვა არ ნიშნავს ძალადობის გამართლებას. სიწმინდის სახელით არ შეიძლება უსამართლობის დაფარვა.
დღეს ყველაზე ქრისტიანული ადგილი შეიძლება სულაც არ იყოს იქ, სადაც ყველაზე მეტი ხალხი იყო შეკრებილი.
დღეს ყველაზე ქრისტიანული ადგილი შეიძლება იყოს იქ, სადაც დედა თავისი შვილის სიცოცხლისთვის დგას. სადაც ადამიანი სხვის ტკივილს საკუთარ ტკივილად იღებს. სადაც ლოცვა ქმედებად იქცევა, თანაგრძნობა - პასუხისმგებლობად და ოჯახი - არა ლოზუნგად, არამედ ცოცხალ ადამიანებად.
თუ ოჯახი წმინდაა, მაშინ დიუშენის მქონე ბავშვების ოჯახებიც წმინდაა.
თუ მშობლების პატივისცემა ღირებულებაა, მაშინ იმ მშობლების ხმა უნდა გვესმოდეს, რომლებიც შვილების სიცოცხლისთვის იბრძვიან.
თუ ქრისტე იქ არის, სადაც ტკივილია, მაშინ დღეს ქრისტე დგას არა ძალაუფლების ტრიბუნასთან, არამედ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ყველაზე მარტივ და ყველაზე წმინდა რამეს ითხოვენ - სიცოცხლის უფლებას საკუთარი შვილებისთვის.
აქ გადის დღევანდელი 17 მაისის ნამდვილი ზღვარი.
ერთ მხარეს არის ოჯახი, როგორც ლოზუნგი.
მეორე მხარეს - ოჯახი, როგორც ტკივილი, სიყვარული და პასუხისმგებლობა.
ერთ მხარეს არის სიწმინდე, რომელიც კამერის წინაშე გასამეორებელ ლოზუნგად იქცა.
მეორე მხარეს - სიწმინდე, რომელიც წვიმასა და ქარში ღამეს ათენებს მთავრობის ადმინისტრაციის წინ.
აქაც ჩემი სათქმელი მარტივია: - ვინც ოჯახს მართლა იცავს, ის ყველაზე დაუცველი ოჯახების გვერდით დგას.
