უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთის ოკუპაციისგან 590 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა.
"ჩვენ ვაგრძელებთ რუსული სამხედრო პერსონალის ლიკვიდაციის ტემპის ზრდას და ეს, ყველა ფორმის სანქციებთან ერთად, რუსეთს დიპლომატიისკენ უბიძგებს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
კერძოდ, ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს ესაუბრა.
"მადლობელი ვარ მათი მაღალი შეფასებისთვის ჩვენი პოზიციებისა და უკრაინელი მებრძოლების მიღწევების მიმართ. მართლაც, უკრაინის პოზიციები ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წლებში იყო. წლის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის 590 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ და ჩვენს კონტროლქვეშ მოვაქციეთ. ტენდენცია აშკარად ოკუპანტების სასარგებლოდ არ ვითარდება", - განაცხადა მან.
უკრაინის ლიდერის თქმით, მან მაკრონს, სტარმერსა და მერცს გაუზიარა უკრაინის მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო გეგმების შესახებ.
მისივე თქმით, უკრაინა ასევე მუშაობს იმაზე, რომ ევროპას ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
"უკრაინა ყოველთვის მუშაობს იმისთვის, რომ ევროპას ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან და ევროპული ხმა გათვალისწინებული იყოს", - თქვა მან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ ელოდება პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებისგან "შესაძლო ფორმატებისა და შეხვედრის გრაფიკის“ შესახებ მოლაპარაკებებში.
