logo
ENG



კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის

28 მაი 202613:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/28/qh7qtffp1t50lus.png

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის.

კვიპროსში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის მოთხოვნები საერთაშორისო შეთანხმებების პატივისცემას და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის აღიარებას მოიცავს.

„თუ შევხედავთ რუსულ ჯარებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა - ევროპული უსაფრთხოების ინტერესებში ისიც შედის, რომ ეს ჯარები აქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ,“ - განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ეს პოზიცია „მაქსიმალისტურია“, თუმცა, როგორც აღნიშნა, „რუსეთის მოთხოვნებიც მაქსიმალისტურია“.

„ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალისტურია, მაგრამ მოდით, გულწრფელები ვიყოთ - რუსების მხრიდან მოთხოვნები საერთოდ არ არის რეალისტური. ისინი დიპლომატიური გზით ითხოვენ მიწებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ აქვთ დაპყრობილი,“ - განაცხადა კაია კალასმა.


close დახურვა