10 ივნისის გამთენიისას რუსეთის სხვადასხვა რეგიონში დრონებითა და სარაკეტო შეტევის საფრთხე გამოცხადდა, ხოლო რამდენიმე აეროპორტმა მუშაობა დროებით შეზღუდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რუსული მედიის ცნობით, აფეთქებებისა და საჰაერო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ბელგოროდის, კურსკის, ჩუვაშეთისა და სხვა რეგიონებიდან გავრცელდა. ოფიციალურად დასახელებულ რაიონებში სამხედრო და სამრეწველო ობიექტებია განთავსებული.
ჩუვაშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ოლეგ ნიკოლაევმა, განაცხადა, რომ ქალაქ ჩებოქსარიზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. თავდაპირველად მან დარტყმის შედეგებზე დეტალები არ გაასაჯაროვა, თუმცა სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ კადრებში ხანძარი და კვამლის სვეტი ჩანდა.
დამოუკიდებელი გამოცემა Astra-ს ცნობით, თვითმხილველების მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ანალიზი მიუთითებს, რომ შეტევის სავარაუდო სამიზნე იყო საწარმო ВНИИР-Прогресс-ი რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ ცნობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
