ღრმა შეშფოთებით ვეხმიანებით აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,- ამის შესახებ საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს.
ისინი აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიანად და ობიექტურად გადახედვას მოითხოვენ.
„გიორგი ჩახუნაშვილი არის ცნობილი ექიმი პედიატრი, პროფესორი, აკადემიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურება საქართველოს, ქართულ მედიცინას, მეცნიერებას და განათლებას. მისი პროფესიული ბიოგრაფია, საზოგადოებრივი საქმიანობა და პიროვნული ავტორიტეტი საყოველთაოდ ცნობილია. ის იყო ექიმის, პროფესიის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და ჰუმანიზმის მაგალითი. იმის გათვალისწინებით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბატონი გიორგის გარდა, დაპატიმრებულია კიდევ ექვსი ადამიანი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ 4 ოქტომბრის საქმე საფუძვლიანად და ობიექტურად გადაიხედოს კანონის გათვალისწინებით და ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით. ასევე, მოვითხოვთ სასამართლო პროცესის შესაბამისობის შეფასებას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმის შესწავლას. საერთაშორისო სამედიცინო და აკადემიურ საზოგადოებას მოვუწოდებთ ამ საქმის მონიტორინგში ჩართულობისკენ. მოვითხოვთ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ღირსების და ფუნდამენტური უფლებების სრულ დაცვას სასჯელის აღსრულების პერიოდში. საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია გააგრძელებს მშვიდობიან და დემოკრატიულ საქმიანობას პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილისა და სხვა პატიმართა უფლებების დასაცავად“,-აღნიშნულია განცხადებაში.
4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ ექვსი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, ექვს მათგანს 5-წლიანი, ხოლო ია დარახველიძეს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ჩახუნაშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო დარბაზში დააკავეს. საქმე სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ეხება.
