უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის გერმანიის კანცლერ, მერცს ესაუბრა და მადლობა გადაუხადა უკრაინის მიმართმხარდაჭერისთვის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საუბრის თემა უკრაინის თავდაცვის გაძლიერება და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილობა იყო.
ზელენსკის განცხადებით, პუტინი ცდილობს რეალობის დამალვას მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციაში, თითქოს რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქში მდებარე დასახლება კონსტანტინოვკა დაიკავეს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
"გერმანიის კანცლერ მერცს ვესაუბრე. მადლობელი ვარ ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია სიცოცხლის დაცვაში და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.
ამჟამად მთავარი პრიორიტეტია Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები — რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი რუსეთის ბალისტიკური თავდასხმებისგან. სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემა: შესაძლებლობა, რომ მოგვაწოდონ Patriot-ის სისტემებისთვის საჭირო რაკეტები, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავის საბოლოო გათვლას სარაკეტო დარტყმებზე აკეთებს. მას აღარ აქვს სხვა ვარიანტები ომის გაჭიანურებისთვის.
კანცლერთან ასევე განვიხილეთ ვითარება ფრონტის ხაზზე. მას გავაცანი უახლესი მოვლენები და ჩვენი შედეგები.
ახლა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, პუტინმა არჩია მსოფლიოსა და აშშ-ის პრეზიდენტისთვის ფრონტის ვითარების შესახებ ტყუილის თქმა. ის ამტკიცებს, რომ რუსულმა ძალებმა თითქოს დაიკავეს დონბასში მდებარე კონსტანტინოვკა. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს მხოლოდ კიდევ ერთი რუსული სიცრუეა, მცდელობა შექმნას „სიახლე“.
თუ კონსტანტინოვკა რუსების კონტროლქვეშ იქნებოდა, მაშინ პუტინს ალბათ პრობლემა არ ექნებოდა, რომ ჩემთან შეხვედრა იქ მოეწყო ომის საბოლოოდ დასრულების დიპლომატიური გზის მოსაძებნად. მაგრამ ფაქტია, ის ფრონტის ხაზსაც კი არ გადაკვეთს - რეალობა ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან.
მადლობა ყველა ჩვენს მეომარს უკრაინისა და ჩვენი ხალხის დაცვისთვის. მადლობა გერმანიას! მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას", - თქვა ზელენსკიმ.
