უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის შემდეგ და ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ, რუსეთი ახალი მასშტაბური იერიშისთვის ემზადება.
ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს მიმართა, რომ აუცილებელია უკრაინას დაეხმარონ Patriot-ის სისტემით, რათა გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და დაიცვან მშვიდობა რეგიონში.
"პუტინისთვის დამახასიათებელია - სწორედ ამერიკის დამოუკიდებლობის დღის შემდეგ და ანკარაში ნატოს სამიტის წინ, რუსეთს სურს კიდევ უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინოს და ადამიანები დახოცოს. გთხოვთ, უსაფრთხოების წესები დაიცვათ და საჰაერო განგაშის ნებისმიერ სიგნალს ყურადღება მიაქციოთ.
ცალკე მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს: ჩვენი საჰაერო თავდაცვისთვის, განსაკუთრებით კი Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდების ნებისმიერი შეფერხება ადამიანების სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს და რუსეთს ომის გაგრძელებისკენ ახალ სტიმულს აძლევს.
მსოფლიოს აქვს საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის საჰაერო თავდაცვის საშუალებები. საჭიროა მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებები, რათა უკრაინაში ადამიანების სიცოცხლე რეალურად იყოს დაცული.
უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, ეხება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებებს, ასევე ევროპის და მსოფლიოს ძლიერი ქვეყნების გადაწყვეტილებებს. გთხოვთ, იმოქმედოთ აქტიურად, მიიღოთ აუცილებელი გადაწყვეტილებები და დაიცვათ ადამიანების სიცოცხლე.
Patriot-ის რაკეტები ახლა საწყობებში კი არ არის საჭირო, არამედ უკრაინაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებში.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რეალურ დახმარებას გვიწევს", - დაწერა ზელენსკიმ.
