logo
ENG



სიბიჰა: დაიცავით უკრაინელი ბავშვები რუსეთის ბალისტიკური ტერორისგან

06 ივლ 202613:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/06/hi1127mp0kcjf0f.png

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, კიევისთვის მძიმე ღამე იყო, რადგან რუსმა ტერორისტებმა მძინარე მოსახლეობას დაარტყეს. 

სიბიჰამ საერთაშორისო საზოგადოებასა და ნატოს წევრ ქვეყნებს მიმართა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.

მისი თქმით, უკრაინის მთავარი მოთხოვნაა მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების დაცვა ბალისტიკური იერიშებისგან, რაზეც აუცილებელია იმსჯელონ ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე. 

"ეს კიევისთვის საშინელი ღამე იყო. ქალაქს 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა დაესხა თავს. სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც.

დაიცავით უკრაინელი ბავშვები რუსეთის ბალისტიკური ტერორისგან! ამაზე გადაუდებელი ამოცანა დღეს არ არსებობს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ამ კვირაში ნატოს სამიტისთვის.

სანამ მსოფლიოს ლიდერები ანკარაში მიემგზავრებიან, ვისურვებდი, რომ მათაც მოესმინათ ის, რაც ამ ღამით კიევის მცხოვრებლებმა მოისმინეს.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა - ათეულობით ბალისტიკური რაკეტით. შემზარავი, ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი ძლიერი აფეთქებები.

რუსმა ტერორისტებმა მძინარე მშვიდობიან მოსახლეობას დაარტყეს და მიზანმიმართულად საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობებს შეუტიეს, რათა მსხვერპლი მაქსიმალურად გაზრდილიყო.

ერთ-ერთ რაიონში მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი მთლიანად დაღუპული ოჯახის წევრები ამოიყვანეს - დედა, მამა და შვილი.

სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება და, სამწუხაროდ, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

პუტინის გზავნილი ანკარაში მარტივია: ის გააგრძელებს მძინარე ბავშვებისკენ ბალისტიკური რაკეტების დამიზნებას და მკვლელობებს იმდენ ხანს, რამდენიც ამის შესაძლებლობა ექნება.

როგორი იქნება ამაზე ალიანსის ლიდერების პასუხი?

ახლა სუსტი ნაბიჯების დრო აღარ არის. ისინი მხოლოდ მოსკოვს წაახალისებს, გააგრძელოს და უკრაინის ფარგლებს გარეთაც გააფართოოს ტერორი.

ანკარის სამიტის ყველაზე ძლიერი შედეგი უნდა იყოს უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერება, რათა რუსული ბალისტიკური ტერორისგან ჩვენი ბავშვების დაცვა შევძლოთ. ჩვენ რეალური ნაბიჯები გვჭირდება.

PAC-3-ის რაკეტები სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანები ასეთი ბარბაროსობისგან დაეცვა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათი ათასობით ერთეული ინახება, როგორც პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ განკუთვნილი საშუალება.

მაგრამ უკრაინისთვის საფრთხე პოტენციური არ არის - რუსული რაკეტები ადამიანებს ყოველ კვირას კლავს.

ამჟამად უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყოველ კვირას ბალისტიკური თავდასხმების სამიზნეა. ამ ტერორისგან დასაცავი საშუალებები სწორედ აქ უნდა იყოს.

და საჰაერო თავდაცვის შესახებ ყველა გადაწყვეტილება ახლა უნდა იქნას მიღებული და არა მოგვიანებით. რადგან ჩვენთვის დრო ადამიანების სიცოცხლით იზომება", - თქვა სიბიჰამ.


close დახურვა