რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. უკრაინის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, მხოლოდ კიევში 15 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი კიევის ოლქში.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი რაკეტების დეფიციტის გამო, კვირას ღამით რუსეთის მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 23 ბალისტიკური რაკეტიდან ვერცერთის განეიტრალება ვერ მოხერხდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დედაქალაქში დაშავდა 56 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევის ოლქში კიდევ 16 დაშავებულია.
ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, ამ კვირაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მიიღონ „მტკიცე გადაწყვეტილებები“ და უკრაინა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყონ.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ფრთოსანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობის მოგერიება შეძლეს, თუმცა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება ვერ მოხერხდა.
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის „მასშტაბური თავდასხმა“ 68 რაკეტასა და 351 დამრტყმელ დრონს მოიცავდა. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათ 37 რაკეტისა და 326 დრონის ჩამოგდება ან განეიტრალება შეძლეს.
კიევში ჩამოინგრა სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელთაგან ზოგიერთს რაკეტა პირდაპირ მოხვდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები, მეხანძრეები და სხვა საგანგებო სამსახურები ნანგრევებში ადამიანების ძებნასა და ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კვლავ ადამიანები იმყოფებოდნენ.
