რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის დედაქალაქ უფის სამრეწველო ზონაში აფეთქებები მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქი უკრაინული დრონების შეტევის ქვეშ მოექცა.
რუსული და უკრაინული საინფორმაციო წყაროების ცნობით, დარტყმის მთავარი სამიზნე ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ საწარმოები იყო. ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რადიი ხაბიროვმა ტელეგრამ-არხზე დაადასტურა, რომ საწარმოებზე „მორიგი შეტევა მოიგერიეს“. მისი თქმით, დრონების ნამსხვრევები უფის სამრეწველო ზონაში ჩამოცვივდა და ადგილზე ხანძარს აქრობენ, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
უკრაინული მონიტორინგის არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, შეტევა კომპანია „ბაშნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა. დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ, თვითმხილველთა მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეო მასალის ანალიზზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ დრონების დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილში“.
აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას უფასში კიდევ ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალები სისტემატურად უტევენ — მათ შორის მსგავსი იერიში ამ რეგიონში სულ ცოტა ხნის წინ, 2 აგვისტოსაც დაფიქსირდა.
