რუსეთის ძალებმა 10-11 აგვისტოს ღამით უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. თავდასხმისას გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები და მართვადი საავიაციო ბომბები.
ზაპოროჟიის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.
თავდაპირველად ფედოროვმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად 9 ადამიანი იყო დაშავებული. 02:10 საათისთვის მან ინფორმაცია განაახლა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე, დაშავებულთა კი 20-მდე გაიზარდა. 07:00 საათის მონაცემებით, იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ობიექტები. დარტყმების ადგილებზე ხანძრები გაჩნდა, ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო იერიში დაახლოებით 00:30 საათზე დაიწყეს. ბალისტიკური რაკეტებით პავლოგრადზე, ზაპოროჟიესა და კიევზე შეტევა ორ ტალღად განხორციელდა.
თავდასხმის შედეგებისა და მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.
